ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებმა მმართველობითი საბჭო აირჩიეს
09/12/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

2019 წლის 30 ნოემბერს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „„საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა“" ფარგლებში, ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის 100-ზე მეტი წევრი შეიკრიბა დაბა მესტიაში, ლაგ-ის პირველ გენერალურ ასამბლეაზე. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჯგუფის მმართველობითი საბჭოს არჩევა. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე შეაჯამეს ლაგ-ის მიერ ამ დრომდე ჩატარებული აქტივობები და განიხილეს მათი მომავალი საქმიანობა მესტიის მუნიციპალიტეტში. შეხვედრა გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების-ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, LAG-ის ახალგაზრდული ფრთის აქტიური ჩართულობით.

ორ დღიან ღონისძიებას, რომლის შედეგადაც ლაგ-ის სტრუქტურა ჩამოყალიბდა, 120 ადამიანზე მეტი ესწრებოდა, მათ შორის LAG-ის წევრები, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, და LAG-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრები. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელიც ევროპულ LEADER მიდგომას ეფუძნება, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური სამოქალაქო პლატფორმაა და აერთიანებს ადგილობრივ მოქალაქეებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან, რომლებიც შეიმუშავებენ ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის. გენერალური ასამბლეა LAG-ის უმაღლესი, გადაწყვეტილების მიმღები  ორგანოა, რომელიც 115 წევრისგან შედგება. ასამბლეის წევრებმა დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩიეს ორგანიზაციის მმართველობითი საბჭო, რომელიც LAG-ის ნდობით აღჭურვილი ორგანოა და უზრუნველყოფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სათანადოდ განხორციელებას. მმართველობითი საბჭო საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო,  სექტორების წარმომადგენელი 19 წევრისგან შედგება და LAG-ში მესტიის მოსახლეობის სხვადსსხვა ჯგუფების ინტერესებს დაიცავს, მათ შორის შშმ პირების და  დევნილი მოსახლეობის. საბჭოს წევრების უმრავლესობას ქალები შეადგენენ.

ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო LAG-ის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობას  მესტიის მუნიციპალიტეტში LEADER მიდგომის განსახორციელებლად. "ლაგი ეს არის პერსპექტივა ახალი და განვითარებული სვანეთისთვის, ახალგაზრდებთან ერთად"-განაცხადა როდამი გვარმიანმა, მმართველობითი საბჭოს წევრმა საჯაროს სექტორიდან.

"ყველაზე მეტად მინდა, რომ ამ ჯგუფმა შეცვალოს ყველა სოციალური ფენის ცხოვრება უკეთესობისკენ...ყველას ქონდეს თანაბარი შესაძლებლობები კეთილდღეობისა და განვითარების"-მადონა წერედიანი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ლაგ-ის წევრებს სხვადასხვა თემებიდან საშუალება ჰქონდათ უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი. მათ ასევე განიხილეს ადგილობრივი განვითარების სტარტეგია და დაგეგმეს მომავალი თანამშრომლობა. ლაგ-ის წევრები ასევე გაეცნენ სოფლის განვითარების ინიციატივების საგრანტო სქემას. მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლმა კი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს მუნიციპალიტეტის მიერ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომელიც ლაგ-ის წევრების მიერ ჩატარებულ ადგილობრივ ანალიზს დაეფუძნა.

LAG-ის ჩამოყალიბებას წინ უძღოდა მისი წევრების აქტიური მუშაობა ადგილობრივი პრიორიტეტების განსასაზღვრად. LAG-ის განვლილი სამუშაო ახალაგზარდა მოახლისეებმა მოკლე ვიდეოთი შეაჯამეს და ღონისძიებაზე წარადგინეს. სამომავლოდ, ლაგ-ის მმართველი საბჭოს წევრები ერთმანეთს ყოველთვიურად შეხვდებიან,  გენერალური ასამბლეა კი 3 თვეში ერთხელ შეიკრიბება.

პროექტი „საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა" ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს, ხორციელდება ქეა ავსტრიისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ მესტიის მუნიციპალიტეტში. ევროპულ მიდგომაზე დაყრდნობით, პროექტი ემსახურება სოფლად ეკონომიკის განვითარებას და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, უზრუნველყოფს დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას. ევროკავშირი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში მხარს უჭერს ENPARD პროგრამის საშუალებით, რომელიც 2013 წლდიან ხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 179.5 მილიონი ევრო და მისი მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე enpard.ge