ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ლაგ) წევრები გენდერული ძალადობის შესახებ
07/12/2020 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

25 ნოემბრიდან დაიწყო 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. უმუშევრობასთან და მომატებულ სტრესთან ერთად, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები აისახა გენდერული ძალადობის შემთხვევათა ზრდაზე. პანდემიის პირობებში სერვისების უმეტესობა მიმართულია კოვიდ19-ის დასამარცხებლად, თუმცა მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს ძალადობის შესამცირებლად არსებულ სერვისებთან წვდომა და იგი კოვიდ19-ის საპასუხო ღონისძიებებისა და პროგრამების ერთ-ერთი ნაწილი გახდეს.

 

ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ლაგ) წევრები გვიზიარებენ თავიანთ შეხედულებებს გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით.

 

„ქვეყანაში  ურთულესი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობაა. სამუშაო ადგილების დაკარგვა, არსებული სოციალიზაციის პრობლემა და შეზღუდვებით შექმნილი ემოციური ფონი საზოგადოებას აშინებს, დათრგუნულია და  მხოლოდ მცირე პროცენტი თუ უყურებს არსებულ ვითარებას პოზიტიურად. დეპრესია თავისთავად ზრდის დაძაბულობას და შესაბამისად ძალადობის ფაქტებს. განსაკუთრებით იზოლაციამ ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე ქალები დააყენა. ისინი კარგავენ იმ მინიმალურ საარსებო საშუალებებსაც, რითიც თავს ირჩენდნენ. სოციალურ იზოლაციაში ძალიან იზრდება აგრესიისა და ძალადობის შემთხვევები ოჯახში. სახელმწიფოს მთელი რესურსი მიმართულია პანდემიის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში გააქტიურდეს ჰუმანიტარული საქმიანობა, რომელიც რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახების ყოფას გააუმჯობესებს" - ირმა ჯაფარიძე, ლაგის ვიცე პრეზიდენტი

 

 

„პანდემიამ ნამდვილად მოახდინა უარყოფითი გავლენა ადამიანების სოციალურ და ეკონომიურ ცხოვრებაზე,განსაკუთრებით კი ქალების.  რაც შეეხება ახალგაზრდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს, პანდემიამ ხელი შეუწყო ძალადობის მსხვერპლთა სტატისტიკის მაჩვენებლის გაზრდას. არსებული რეალობით, ნამდვილად განიცდიან რესუსების ნაკლებობას,ძალადობის მსხვერპლი ქალები! - მადონა ყიფიანი, მმართველი საბჭოს წევრი


 

 

„პანდემიიდან გამომდინარე, დღეს ქალების გარკვეულ ნაწილს უწევს ერთ სივრცეში ყოფნა პოტენციურ მოძალადესთან ერთად. მთელ მსოფლიოში ყოველ სამ ქალში ერთი ქალი მაინც განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას. ყველაზე ხშირად მოძალადე საკუთარი ოჯახის წევრია. საჭიროა ერთად ვიბრძოლოთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, გავერთიანდეთ და დავიცვათ ერთმანეთის უფლებები. ამასთან, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეიმუშავოს შესაბამისი პროგრამა, რათა მოხდეს ძალადობას გადარჩენილი ადამიანების მხარდაჭერა და უფლებების დაცვა" - ელენე განაია, ლაგის კოორდინატორი