ქეა კავკასიის ახალი ხელმძღვანელი ახალი შესაძლებლობისთვის მზადაა
27/10/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

ქეა კავკასიის გუნდი მოხარულია გაცნობოთ, რომ ორგანიზაციის მისიას სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად ახალი, ინოვაციური და მეწარმეობრივი ხედვის მქონე ლიდერი გაუძღვება. ქეთევან ხაჩიძე ქეა კავკასიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის როლს დაიკავებს.

„ქეას რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და შედეგებზე ორიენტირებული განვითარების პროგრამები აქვს და ქეა კავკასიის ხელმძღვანელობა შესაძლებლობას მაძლევს ამ პროგრამების ფოკუსში გოგონები და ქალები მოექცნენ. სწორედ ეს მაძლევს საოცარ მოტივაციას რომ ქეას გუნდს ჩავუდგე სათავეში",-ამბობს ქეთევან ხაჩიძე.

ქეა კავკასიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქეთევანის ხანგრძლივი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო განვითარების სფეროში. მისი ექსპერტიზა სხვადასხვა სექტორებს შორის მოიცავს: მედიასა და კომუნიკაციას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და სამოქალაქო ჩართულობას, გენდერულ თანასწორობასა და ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამებს.

მისი ერთ-ერთი ბოლო როლის ფარგლებში, ქეთევანი ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „ორბელიანს" რომელმაც მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მოდელი შექმნა და საქართველოში პირველი 'ქრაუდფანდინგის" პლატფორმა ჩაუშვა აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ქეთევანი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული პრესტიჟული სტიპენდიის, ჩივნინგის,  სტიპენდიანტია.

ქეთევანის წინამორბედმა, გიორგი ღლონტმა ქეა კავკასიის სამსახურში 25 წელზე მეტი გაატარა, ბოლო 7 წელი-ორგანიზაციის დირექტორის როლში. ის კვლავაც გააგრძელებს ქეა კავკასიის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას, გადაინაცვლებს რა ორგანიზაციის მმართველი საბჭოს გუნდში.

„ქეა კავკასიის გუნდი მადლიერებას გამოხატავს გია ღლონტის მიმართ, რომელსაც უნიკალური ექსპერტიზა აქვს სოფლად განვითარების და სიღარიბის შემცირების პროგრამების მიმართულებით და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორებში. გვიხარია, რომ ქეთევანი ქეას უერთდება იმ მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ქეა ადგილობრივი ორგანიზაციად გარდაქმნის პროცესშია. დარწმუნებული ვართ, რომ ქეთევანი ამ პროცესს  გაუძღვება ახალი ენერგიითა და ახალ შესაძლებლობებს შექმნის",-განაცხადა ხათუნა მადურაშვილმა, ქეა კავკასიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ქეა კავკასიაში 1993 წლიდან მუშაობს. ბოლო 5 წლის მანძილზე, ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამებით, რომელთა ღირებულება 4,5 მილიონ დოლარზე მეტი იყო, 81,000 ადამიანმა ისარგებლა და  არაპირდაპირ ქეას ინტერვენციებმა 1,5 მილიონი ადამიანის ცხოვრებაზე იქონია გავლენა.