ახალი შესაძლებლობები ძლევს მძიმე მოგონებებს-მაყვალას ისტორია
29/01/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

მაყვალა სოციალურ საწარმო "აგროკოლხიდაში" მუშაობს, რომელიც სენაკში მდებარეობს და ქეას პროექტის "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლბების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ერთ-ერთი ბენეფიციარია. საწარმოში მუშაობა მაყვალას დაეხმარა გამოსულიყო სახლიდან, აქტიურად ჩართულიყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჰქონოდა საკუთარი შემოსავალი და გაეუმჯობესებინა ეკონომიკური პირობები. 



წარმოიდგინეთ, რომ ღამით უცნობი ადამიანი მოდის და გეუბნებათ: „გაიქეცით"! „ყველაფერი დავტოვეთ და ღამე გამოვიქეცით სახლიდან მხოლოდ იმით, რაც გვეცვა, არაფერი წამოგვიღია. საერთოდ არაფერი. გამოვიქეცი და ორ დღეში დავბრუნდები-მეთქი, ვფიქრობდი".


მას შემდეგ 25 წელი გავიდა და მაყვალას თავისი სახლი აღარ უნახავს. მაყვალა აფხაზეთის ომს გამოექცა და ქ. სენაკში აღმოჩნდა, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში. მისი ცხოვრება გასულ წელს კიდევ ერთხელ შეიცვალა, როდესაც რამდენიმე წლიანი უმუშევრობის, სტრესის და გამწვავებული დიაბეტის შემდეგ მუშაობა დაფნის მწარმოებელ საწარმო „აგროკოლხიდა"- ში დაიწყო. ახლა მაყვალას თავისი შემოსავლით წამლების და უკეთესი საკვების ყიდვა შეუძლია, თუმცა ყველაზე მეტად სახლიდან გამოსვლა დაეხმარა დეპრესიისა და სტრესის დაძლევაში, რომლებსაც ამ წლების მანძილზე ებრძოდა. მაყვალა მეუღლესთან ერთად სენაკში, სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს, იქ, სადაც პირველად დადგა ფეხი აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ. ახლაც ხშირად იხსენებს დევნილობის პირველ წლებს:

 

„ჯერ ვფიქრობდით, რომ უბრალოდ გადავრჩენილიყავით და ცოცხლები გამოვსულიყავით, ჩემი მეუღლე იქ დაიჭრა და გვიან გამოვიყვანეთ. არასდროს დამავიწყდება ერთი მომენტი, როცა ჩემი გოგონა მთხოვდა, რამე მაჭამეო. გარეთ გავედი და დავინახე, ჩემს მეზობლებს ძველი ტაფა ეპოვათ და სიმინდის ფქვილისგან აცხობდნენ რაღაცას. ძლივს მოვიდა ჩემი რიგი, წამოვიღე და როცა ბავშვს მივუტანე, მითხრა, უკვე ვეღარ გადავყლაპავო".


ახალ რეალობასთან შეგუება ძნელი იყო, სტრესთან ერთად დიაბეტიც აწუხებდა, რომელიც დროთა განმავლობაში გაუარესდა. რამდენიმე წლის წინ მაყვალამ სამსახური დაკარგა და იძულებული იყო უმეტესად დრო შინ გაეტარებინა. მისი ორივე გოგონა ამ დროს სახლიდან იყო გადასული და მაყვალას მარტო უწევდა გამკლავება უფულობასთან. ფინანსური პრობლემები დამძიმდა, როდესაც მისმა მეუღლემაც დაკარგა სამსახური. მაყვალა უკვე ვეღარ სწვდებოდა ძვირადღირებული წამლების შეძენას, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღოს. ასეთ მდგომარეობაში მისთვის რაიმე საქმის წამოწყებაც ძნელი იქნებოდა.

 

 

როდესაც სენაკში სოციალური საწარმო „აგროკოლხიდა" გამოჩნდა, მაყვალამ სცადა მუშაობის დაწყება და წარმატებითაც. ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, საქმეში აქტიურად და ენთუზიაზმით ჩაერთო: „გამიხარდა, რომ დამიძახეს, არც ერთი ტრენინგი არ გამიცდენია, ყველა გავიცანი, სიტუაციასაც მივეჩვიე და არც მინდა სადმე წასვლა". გაზრდილმა შემოსავალმა მაყვალას ოჯახში მეტი თავისუფლება შეიტანა და საშუალება მისცა, უკეთესად მოევლო თავისი მდგომარეობისთვის. ფინანსური პრობლემები სენაკში ძალიან ხშირია და ყველას თანაბრად აწუხებს, თუმცა სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დამატებით სიძნელეს წარმოადგენს. მაყვალა ერთ შემთხვევას იხსენებს:

 

„ჩვენს დასახლებაში ერთი ღარიბი ქალი ნაყინს ყიდდა. ბავშვები უკან დასდევდნენ და მშობლებს სთხოვდნენ ნაყინის ყიდვას. ერთხელ მშობლები გამოუდგნენ საწყალ ქალს და ცემით გააგდეს, რადგან შვილებისთვის ნაყინის ყიდვაც არ შეეძლოთ. ამ ქალმაც რა უნდა ქნას, სხვას ვერაფერს აკეთებს. ასეთ შემთხვევებს ხშირად ვხედავ და ხანდახან ტირილი მინდება."


„აგროკოლხიდამ" მაყვალას გარდა, ბევრ ისეთ ქალს მისცა იმედი, რომლებსაც ოჯახების რჩენა უწევთ. მაყვალა ფიქრობს, რომ „აგროკოლხიდას" მსგავსი საწარმოები აუცილებელია ხალხის დასაქმებისთვის, რადგან ბევრს, განსაკუთრებით კი სენაკში მცხოვრებ დევნილებს, ერთმანეთის მსგავსი რთული ისტორიები აქვთ. „აგროკოლხიდა" ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომლებიც ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა - ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს გარიყულები არიან, თუმცა საკუთარი შესაძლებლობებით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის დიდი უნარი გააჩნიათ. საბედნიეროდ, მაყვალა, ხელფასის წყალობით, აღარავისზეა დამოკიდებული. შეუძლია წამლებიც შეიძინოს და მცირე თანხა ოჯახისთვისაც გადაინახოს:

 

„რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებული არ მჭირდება, მაგრამ რაც მინდა, იმის ყიდვა შემიძლია, წამლებიც შემიძლია ვიყიდო, რადგან ამაზე ვარ დამოკიდებული. ეს სამსახური ჩემი იმედია".

 

 

პროექტს "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ქეა ახორციელებდა სამტრედიის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტბში, ქეა ჩეხეთთან ერთად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.