ქეას სოციალურმა საწარმოებმა თავიანთი პროდუქცია გამოფენაზე წარმოადგინეს
16/04/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

13 აპრილს სენაკის სამხატვრო გალერეაში გაიმართა ქეას მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა,  პროექტის „საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ, ქეა ჩეხეთთან თანამშრომლობით და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

გამოფენას  ესწრებოდნენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს პროექტების კოორდინატორი სოფო ქამუშაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სენაკის საკრებულოს წევრები, აბაშის მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები,  სამტრედიის მერიის პირველი მოადგილე დავით ბახტაძე, სამტრედიის მერიის სოციალური სამსახურის  და საკრებულოს წარმომადგენლები.

გამოფენაზე სენაკის, აბაშისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ქეას მიერ დაფინანსებულმა სოციალურმა  საწარმოებმა (ხელნაკეთი  ნივთების საწარმო, სამკერვალო, არტ-კაფე, საცხობი, დაფნის საშრობი ხაზი, თხილის გულის შესაფუთი ხაზი, ჩირის საშრობი საწარმო) წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ქმნიან. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო პროექტში მონაწილე ქალბატონების საქმიანობის ამსახველი სიუჟეტის ვიდეოჩვენება.


გამოფენა მოეწყო პროექტის კომპონენტის: ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე'' ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების საბაზრო კავშირების გაუმჯობესებას და პროექტის ბენეფიციარების მარკეტინგული უნარების გაძლიერებას.

სამტრედიის, აბაშისა და სენაკის მერიის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ჩეხეთის მთავრობას პროექტის მხარდაჭერისთვის და  კიდევ ერთხელ  გამოთქვეს მზადყოფნა განახორციელონ სამომავლოდ მსგავსი პროექტები ქეასთან ერთად და თავიანთი სოციალური საწარმოების წარმატებული მოდელი სხვა მუნიციპალიტეტებსაც გაუზიარონ.