მერეთის თემში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა
06/07/2021 0 ნახვა

 






5 ივლისს, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, გაიმართა პროექტის გახსნითი ღონისძიება, მერეთის საჯარო სკოლის ეზოში, გორის მუნიციპალიტეტი. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა" (Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალენჯიხა, ზუგდიდი, გორი და ბოლნისი.

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს 450 ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს (14-29 წლის), რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში. პროექტი იმუშავებს 2022 წლამდე, და მის ფარგლებში, ახალგაზრდების, ასევე თემის წევრებისთვის სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება იგეგმება, მათ შორის:

 

  • ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება - პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს განავითარონ სხვადასხვა უნარები, გააქტიურდნენ და გახდნენ ლიდერები. ისინი შეძლებენ გამოავლინონ თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

  • საზოგადოების მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის გაზრდა - სათემო ინიციატივებისა და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, თემის წევრებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების როლზე, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

 

  • ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინება.

 

მერეთის თემში გამართულ გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ „ქეა კავკასია"-სა და „თანხმობა"-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის მერი.

 

შეხვედრა განხორციელდა  ადგილობრივ ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ახალგაზრდების მიერ დაიგეგმა საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამები, კერძოდ: ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, კულინარიული შეჯიბრი და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, გასართობი და სპორტული აქტივობები.

 

ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია"-სა და „თანხმობა"-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებაში და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება მთლიანად თემისთვის, და დიდ როლს ითამაშებს მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

 

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონებში მნიშვნელოვანია და გამოთქვეს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან,  პროექტის მიზნების მიღწევაში მხარდაჭერის მზაობა.

 

გახსნითი ნაწილის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამებით, რომლებშიც  ახალგაზრდებთან ერთად თემის სხვა წევრებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

 

პროექტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით სათემო ინიციატივების და ღონისძიებების განხორციელებას!