ქეა კავკასია აძლიერებს სოფლად მცხოვრები ქალების რეგიონულ კავშირებს
10/11/2023 0 ნახვა

 

 

 

 

 

ქეა კავკასიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით უმასპინძლა რეგიონულ კონფერენციასა და სასწავლო ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ თანამშრომლობის, ბიზნეს კავშირების ხელშეწყობასა და  გამოცდილების გაზიარებას სოფლად მცხოვრებ 30 მეწარმე ქალს შორის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.

 

კონფერენციამ გააერთიანა მეწარმე ქალთა მრავალფეროვანი და დინამიური ჯგუფები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, რომლებსაც სურდათ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება,  ბიზნეს კავშირების და თანამშრომლობის დამყარება. წარმატებულმა მეწარმე ქალებმა მონაწილეებს გააცნეს ბიზნეს საქმიანობისა და წარმატების ფორმულა.

 

კონფერენციას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქეა კავკასიის, UNDP-ის, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) და ფონდი ტასოს წარმომადგენლები.

 

კონფერენციის პირველი სესია დაეთმო  მარკეტინგისა და ბრენდინგის საკითხებს. მონაწილე ქალები გაეცნენ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობას, ბრენდინგის როლს ბიზნესის განვითარებაში, ბრენდის შექმნას,  ბიუჯეტის გაწერასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და არხების გამოყენებით ბაზარზე წვდომის მოპოვებასა და მარკეტინგული კომუნიკაციების მართვას. გარდა ამისა, სესიის დასასრულს გამოფენაზე ქართველმა და აზერბაიჯანელმა ქალებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია, მათ შორის ხელნაკეთი აქსესუარები, ჩანთები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა.

 

კონფერენციის დასკვნითი სესია დაეთმო ახალი ტენდენციების საკითხებს სოფლის მეურნეობაში: ტექნიკური განახლებები პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, კლიმატგონივრული პრაქტიკები სასათბურე მეურნეობაში. კონფერენციის მონაწილე ქალებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებებზე  კლიმატგონივრული პრაქტიკის დანერგვის შესახებ.

 

„ზოგადად, გვგონია რომ სოფელში მცხოვრებმა ქალებმა ბევრი ვიცით სოფლის მეურნეობის შესახებ, მაგრამ ამ შეხვედრებმა დამანახა, რომ ეს ასე არ არის და კიდევ ბევრის სწავლაა შესაძლებელი. ძალიან სასარგებლო იყო თითოეული სესია ჩემთვის. მომავალში შესაძლოა სვანური მარილის წარმოება დავიწყოთ ქალებმა და აუცილებლად გამოვიყენებ მარკეტინგისა და ბრენდინგის შესახებ მიღებულ ცოდნას, რათა ბევრ წარმატებას მივაღწიოთ" - იზოლდა ანსიანი, ბოლნისიდან.


კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა სასწავლო ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა აზერბაიჯანიდან ადგილზე ნახეს ქართველი მეწარმე ქალების ბიზნესები, მათ შორის, სასათბურე მეურნეობა, სამკერვალო საწარმო და სილამაზის სალონი. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცვალათ ცოდნა, გამოცდილება, ესაუბრათ გამოწვევებზე და აღმოეჩინათ შესაძლებლობები სექტორული პარტნიორობისთვის.

 

„კავშირების დამყარება სხვა მეწარმე ქალებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ერთად ბევრ დადებით ენერგიას ვასხივებთ. რეგიონულ შეხვედაზე, მივიღეთ სასარგებლო რჩევები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმატებისკენ წინსვლაში. 8 წლის გოგო მყავს. მინდა ძლიერი იყოს, ისწავლოს და განვითარდეს. როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ვიქნები, შევძლებ ჩემს შვილს მეტი შესაძლებლობა მივცე" - ნაზრინ ბაღირზადე, ხაზარიდან.


კონფერენცია ჩატარდა ქეა კავკასიის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" (WEESC) II ფაზის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

 

WEESC პროექტის მთავარი მიზანია უზრუნველყოს, სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები ქალები, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველები, იყვნენ ეკონომიკურად ძლიერები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. შედეგების მდგრადობის მიზნით, პროექტი ზრდის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და აუმჯობესებს ხელმისაწვდომობას საარსებო წყაროსა და განვითარების შესაძლებლობებზე ქალებისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიიაში მცხოვრები ყველაზე ღარიბი და მოწყვლადებისთვის. პროექტის ფარგლებში 570-მა ქალმა დაიწყო ან განავითარა საკუთარი ბიზნესი.