14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად, სამტრედიის ადგილობრივი ტელევიზია „ზარი" ესტუმრა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში მცხოვრები შშმ ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ფარგლებში დაფინანსებულ სამკერვალო საწარმოს ქ. სამტრედიაში. ვიზიტის ფარგლებში მომზადდა რეპორტაჟი შშმ ქალების მიერ შეკერილი პროდუქციის (თეთრეული, სასკოლო ფორმები, სხვადასხვა უნიფორმები, შარვლები და ა.შ), კერვის პროცესში გამოყენებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქსოვილების და პროდუქციის ფასების შესახებ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში 3995 შეზღუდული შესაძლებლობების პირი ფიქსირდება. აქედან 2413-კაცი, 1582-ქალი. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა ერთ- ერთი აუცილებელი პირობაა მათი თვითრეალიზების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. დღესდღეობით შშმ პირთა დასაქმება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება საქართველოში.
ზემოთაღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, ქეა საერთაშორისო კავკასიაში აგრძელებს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების დასაქმების მიზნით საუკეთესო ბიზნეს პროექტების გამოვლენას, სოციალური საწარმოების დაფინანსებას და სამიზნე ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერებას გეგმავს.