15 ივნისს, ქეა კავკასიის და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მისი პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით გაიხსნა სამუშაო შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ქეას სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ქეას საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ქეა განსაკუთრებით მუშაობს ქალთა შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება რეგიონის ქვეყნებსა და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ანალიზის, სამომომავლო სტრატეგიისა და ინიციატივების დაგეგმვისთვის.
პირველ დღეს შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული ძალადობის ზოგადი კონტექსტი და ამ კუთხით არსებული სიტუაცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ასევე გამოყვეს ძირითადი პრიორიტეტები, რომელთა დეტალური ანალიზი შეხვედრის მომდევნო დღეებში მოხდა. აქვე გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელზე საუბარიც ხშირად არ ხდება, მათ შორის მოხუცთა მიმართ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემა.
შეხვედრის სტუმარი იყო სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოში „გენდერულ/ოჯახურ ძალადობასთან" ბრძოლის კუთხით არსებულ დაბრკოლებებზე და პერსპექტივებზე სახალხო დამცველის აპარატის თვალთახედვით.
საუბრისას გამოიკვეთა თუ რა ძირითადი სირთულეები არსებობს საქართველოში „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საქმიანობის განხორციელებისას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არსებული საკანონმდებლო ბაზის პრაქტიკაში განხორციელება და მისი მონიტორინგი, რომელსაც დღეს სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს. ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კი შესაბამისი სტატისტიკის არარსებობაა. სხვადასხვა სტრუქტურებში მონაცემების შეგროვების შესაბამისი მექანიზმის განვითარება ძალადობასთან ბრძოლის საქმიანობას გააადვილებდა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათი ინფორმირებულობის გაზრდა და ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების, პოლიტიკის და საკანონმდებლო ინიციატივის დაგეგმვის პროცესში. გარდა ამისა, აუცილებელია ეკონომიკური გაძლიერება და პროფესიული შესაძლებლობების განვითარება განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, ვისაც ნაადრევი ქორწინების გამო საკუთარი პროფესია არ გააჩნია. ასევე მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის საკითხების ფორმალური და არაფრმალური განათლების ნაწილად ქცევა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად შედეგის მისაღწევად უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვა. ეს კი გულისხმობს მათ მიერ მეტი პასუხისმგებლობის აღებას გენდერული ძალადობის აღმოფხვრისთვის შესაბამისი სტრატეგიების და ღონისძიებების დასანერგად.
ოჯახური ძალადობის საკითხის მონიტორინგის კუთხით თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს ქეას პარტნიორებმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ერთ-ერთ ძირითად პრობლემად, შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობასთან ერთად დასახელდა თანამშრომლობის ეფექტური პრაქტიკის არქონა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამინისტროებსა და სახალხო დამცველის აპარტს შორის.
ძალადობის პრობლემის გადაწყვეტის გზები მრავალგვარია. ამისთვის კი მნიშნელოვანია სათანადო რესურსების ქონა ძალადობასთან ბრძოლაში ჩართული სტრუქტურების პროფესიული განვითარებისთვის, სოციალური სერვისების გაუმჯობესება რისკის ქვეშ მყოფი ან ძალადობის მსხვერპლი ადამიანებისთვის.
გენდერული ძალადობის საკითხებზე და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მსჯელობა სამუშაო შეხვედრის მომდევნო დღეებში გაგრძელდა.