ფლეშმობი ლაგოდეხში
01/07/2017 0 ნახვა

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის - ,,სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში"  ფარგლებში ორგანიზაცია ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში" მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოპოვებული დაფინანსებით საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა) ახორციელებს პროექტს ,,ქალები ჯანსაღი მომავლისათვის" . პროექტის მიზანი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  გოგონათა ნაადრევ ასაკში ქორწინების ფაქტების შესამცირებლად რეპროდუქციული ჯანმრთელობის და  ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ შეხედულებების, დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლის  ხელშეწყობა.

 

 

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა იყო  ფლეშმობის მოწყობა ნაადრევი ქორწინების თემაზე.  ფლეშმობი მოეწყო 2017 წლის 1 ივლისს დაგეგმილ ,,ფერების ფესტივალზე", სადაც ლაგოდეხში მცხოვრები მოსწავლე-ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ ფლეშმობის წარმოდგენის გამართვაში. სულ ღონისძიებას ესწრებოდა 500-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის ადამიანი. მათ შორის არა მარტო ლაგოდეხელები, არამედ, სტუმრები გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან სპეციალურად ჩამოსული ახალგაზრდები. ხოლო უშუალოდ ფლეშმობის მსვლელობაში ჩართული იყო 50  მოსწავლე (გოგონები და ბიჭები).    

 

   

სცენარის მიხედვით, ,,ნაადრევ ასაკში გათხოვილი" ახალგაზრდა ,,დედები" ბავშვებთან ერთად ,,სეირნობდნენ". ამ დროს დაინახეს ხალხმრავლობა, სადაც მათივე ასაკის გოგონები ერთობოდნენ და ცეკვავდნენ. მათ ერთად ერთ კუთხეში ,,დატოვეს" ,,შვილები", თავად კი თანატოლებს შეუერთდნენ გასართობად. ფლეშმობის მიზანი იყო ეჩვენებინა რომ ნაადრევი ქორწინება ახალგაზრდებს ართმევს ცხოვრების იმ ეტაპს, როცა ადამიანი საკუთარ განვითარებაზე და თუნდაც გართობაზე უნდა ზრუნავდეს.