ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ENPARD-თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" ფარგლებში, ორგანიზაციამ - ქეა საერთაშორისო კავკასიაში - 2017 წლის 18-22 სექტემბერს მოაწყო სასწავლო ვიზიტი ჰოლანდიაში, რომელიც განხორციელდა სოფლის მეურნეობის სფეროში ცნობილ ჰოლანდიურ კოოპერატივთან - HollandDoor Cooperative U.A და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. სასწავლო ტურის ფარგლებში მოხდა ბოსტნეულისა და მარწყვის სექტორის გაცნობა ქეას მიერ მხარდაჭერილი 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისთვის - ზანელი, ნატანები, შამათია, აგროლენდ აბაშა, მწვანე ფოთოლი, ხორგის სათბურები და დკ-ქოლგა.
4 დღიანი ინტენსიური სასწავლო ვიზიტი ემსახურებოდა ბოსტნეულისა და მარწყვის ღირებულებათა ჯაჭვის გაცნობას. კოოპერატივის წევრები ეწვივნენ ჰოლანდიურ თესლის გამომყვან კომპანიას, სანერგეს, სუბსტრატებისა და ზრდის სისტემის კომპანიებს, ინოვაციების ცენტრსა და მარწყვისა და ბოსტნეულის მწარმოებელ ექსპორტიორ ფერმერებს, რომლებსაც პროდუქცია მოყავთ, როგორც სათბურში - ასევე ღია გრუნტზე. აღნიშნული სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის დამყარება ქართველ და ჰოლანდიელ ფერმერებსა და კომპანიებს შორის. შეხვედრებზე ძირითადად ყურადღება გამახვილდა კულტივაციისა და მოსავლის აღების შემდგომ მეთოდებსა და მოდელებზე, რომელიც საქართველოს კლიმატურ პირობებს მიესადაგება.
ვიზიტის ბოლო დღეს ENPARD-ის მიერ დაფინანსებული კოოპერატივები ეწვივნენ ჰოლანდიურ ფერმერთა ასოციაციას. ასოციაციის წარმომადგენლებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ქართველ ფერმერებს და ისაუბრეს კოოპერაციის საწყისებზე ჰოლანდიაში, რაც სასოფლო-სამეურნეო სფეროში ჰოლანდიელი ფერმერების წარმატების გარანტად მიიჩნევა.