კოოპერატივების სასწავლო ვიზიტი ლატვიაში
07/11/2017 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

2-7 ოქტომბერს ქეამ მოაწყო სასწავლო ვიზიტი ლატვიაში ENPARD პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი თორმეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის. ვიზიტის მიზანი იყო მეფუტკრეობისა და რძის გადამუშვების მიმართულებით მომუშავე ლატვიური კოოპერატივების გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ურთიერთობების დამყარება ლატვიელ ფერმერებთან და კომპანიებთან.

 

სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები „ჭრელა", „შურობუმუ", "ახალი პროდუქტი" და „წიქარა", და კოოპერატივები „ქორენიში" „სვანური ფუტკარი", „ალპური ნექტარი", „ხვამლი","ოცნება", „ჯალაგონა", „ნექტარი", „მადლიანი თაკვერი", რომლებიც მეფუტკრეობის დარგში მუშაობენ.

 

ვიზიტის ფარგლებში  ქართული მხარე შეხვდა ლატვიის მთავრობის მიერ დაფინანსებული, ოზოლნიეკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს და გაეცნო ცენტრის მუშობის პრინციპებს. შეხვედრა გაიმართა ლატვიის მეფუტკრეთა ასოციაციასთან, რომელიც 3250 ფერმერს აერთიანებს და სადაც ქართველი ფერმერები დეტალურად გაეცნენ ასოციაციის მუშობის პრინციპებს, წევრი ფერმერების უფლება-მოვალეობებს, მეფუტკრეობის სფეროში ლატვიაში არსებულ  სტანდარტებს.

 

მოეწყო საველე ვიზიტები ადგილობრივ მეფუტკრეებთანაც, სადაც ფერმერებმა ერთმანეთს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა გაუზიარეს. ლატვიელი კოლეგებისთვის ქართველ მეფუტკრეთა გამოცდილება თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა.

 

გარდა ამისა, ქართველი მეფუტკრეები დაესწრნენ ტრენინგს „მარკეტინგი, პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა და ბრენდირება", რომელიც მარკეტინგის წამყვანმა სპეციალისტებმა ჩაატარეს და რომელიც ფერმერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა.

 

  

 

შეხვედრები გამართეს ქართველმა რძის მწარმოებელმა ფერმერებმაც,  როგორც მესაქონლეობის ფერმის, ასევე გადამამუშავებელი საწარმოს, საკვებწარმოების მფლობელ ფერმერებთან. ისინი გაეცნენ ევროპული სტანდარტების მიხედვით ფერმერული მეურნეობების მოწყობის პრინციპებს, რძის შემგროვებელი ცენტრების მუშობის სქემას, ასევე სხვადასხვა სახის ნატურალური იოგურტის, ნაყინის წარმოების ტექნოლოგიას.

 

ქართველი ფერმერები ესტუმრნენ ოთხმოცი წევრისგან შემდგარი კოოპერატივის  რძის გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც  ისინი გაეცნენ როგორც სხვადასხვა სახის პროდუქტის წარმოების ციკლს, ასევე კოოპერატივის მართვის და გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს. მოეწყო ვიზიტი 500 სულიან  მესაქონლეობის ფერმაშიც, სადაც ფერმერებს წარუდგინეს ბაგურ პირობებში საქონლის შენახვის, კვების, სანიტარულ-ჰიგიენურ და ავტომატიზაციის, საკვებწარმოების, ხელოვნური განაყოფიერების, ჯიშთა გადარჩევის პრინციპები.

 

   

 

მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ლატვიაში. საქართველოს ელჩმა ლატვიაში ვრცლად ისაუბრა საქართველო-ლატვიის  სამომავლო ურთიერთობებზე და ანალოგიური სასწავლო ვიზიტების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სფეროში მომუშავე ფერმერებისათვის.

 

სასწავლო ვიზიტის პროგრამა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავდა. ფერმერები ახლოს გაეცნენ ქვეყნის ისტორიას, კულტურულ ძეგლებს, და რიგითი ადამიანების ხედვებს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.