24 ოქტომბერს, თბილისში, გაიმართა კონფერენცია, სადაც ევროკავშირმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარების სრულყოფა საქართველოში" შედეგები შეაჯამეს. კონფერენციას საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროექტს 2017 წლიდან ახორციელებენ ორგანიზაციები „მერსი ქორფსი", „ფიფლ ინ ნიდ" და „ქეა ავსტრია", სოფლის განვითარების ევროპულ ასოციაციასთან პარტნიორობით, რომელიც ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თემზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარებით, პროექტმა ხელი შეუწყო ევროპული LEADER მიდგომის დანერგვას სამ მუნიციპალიტეტში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, შემუშავდა ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და მოხდა ევროკავშირის გრანტების გაცემა 200-ზე მეტი ინიციატივისთვის. შედეგად, 600-ზე მეტი მუდმივი დასაქმების ადგილი სამივე მუნიციპალიტეტში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შეიქმნა 240 მუდმივი და 330 სეზონური სამუშაო ადგილი.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვინსენტ რეიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, იან ჩერნიკმა, ორგანიზაცია „მერსი ქორფსის" დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და სოფლის განვითარების ევროპული „ლიდერ" ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტინა ტემეტმა.
„ევროკავშირი მოხარულია, რომ LEADER მიდგომა, რომელიც წლებია ევროკავშირში სოფლის განვითარების სტიმულირებისთვის გამოიყენება, საქართველოშიც მუშაობს. მოუთმენლად ველით ამ მიდგომის მომავალ წლებში კიდევ მეტად განვითარებას," - განაცხადა ვინსენტ რეიმ.
„ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია ევროპული მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტი. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის შედეგები რომელიც მიღწეულ იქნა პროექტების ფარგლებში დადებით გავლენას მოახდენს დარგზე," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
„საქართველოში სოფლის განვითარების LEADER მიდგომის დანერგვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი უზრუნველყოფს ადგილობრივი თემის წარმომადგენლების აქტიურ მონაწილეობას სოფლის განვითარებაში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა, რომელშიც გაერთიანებული არიან კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაზღვრეს ადგილობრივი განვითარების პრიორიტეტები და სხვადასხვა სასოფლო ინიციატივების შერჩევისა და დაფინანსების მეშვეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში," - აღნიშნა ორგანიზაცია „მერსი ქორფსის" დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა.
„ლიდერ" მიდგომაზე დაფუძნებით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა (LAG) საქართველოში შექმნეს დაბალანსებული გარემო - საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული აქტორის თანაბარ ჩართულობასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. LAG-ის სახით ჩამოყალიბდა საუკეთესო საზოგადოებრივი პლატფორმა, თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და სწორი დაგეგმვისთვის, რომლის საქმიანობაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს და პრიორიტიეტებს ემყარება," - აღნიშნა ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრმა, თამარ მუმლაძემ.
ღონისძიება რამდენიმე პანელისგან შედგებოდა, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების, მათ შორის ლაგ-ების, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით. მათ ისაუბრეს „ლიდერ" მიდგომის როლზე ადგილობრივ დონეზე ცვლილებების მისაღწევად, განიხილეს „ლიდერ" მიდგომის როლი საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკაში და ლიდერ-ის განხოციელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, ასევე მისი განხორციელების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები.დასასრულს კი ბორჯომის, ყაზბეგისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმოამდგნლებმა საზოგადოებას გაუზიარეს პროექტის მთავარი მიღწევები.
გიორგი ღლონტმა, ქეა ავსტრიის წარმომადგენელმა ლიდერ-ის განმახორციელებელ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა ლაგ-ების მნიშვნელობაზე და როლზე, როგორც ქვემოდან ზემოთ დაგეგმვისა, მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმზე. და აღნიშნა „ლიდერ მიდგომის მეთოდოლოგიის დანერგვა, როგორც ქვემოდან ზემოთ მიდგომის, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების, და ჰარმონიზაციის კუთხით". მან ასევე აღნიშნა, რომ ლაგ-ების მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია მათი როგორც ფინანსური, ასევე ინსტიტუტუციური განვითარება და სისტემების ჩამოყალიბება, და თანამშრომლობების გაღრმავება როგორც ევროპულ ლაგ-ებთან, ასევე ადგილზე, რათა „ყველა სექტორი ჩაერთოს ლაგ-ების მდგრადობის მექანიზმების მოძიებაში და მოხდეს ლიდერ-ის როგორც გრძელვადიანი განვითარების მექანიზმის აღიარება".
კონფერენციის ფარგლებში, მოეწყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივების გამოფენა ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებიდან, რათა სტუმრებს ჰქონოდათ საშუალება, გაცნობოდნენ პროექტის რეალურ შედეგებს.