14 ნოემბერს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალთა თვითდახმარების ჯგუფებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ისინი გაეცნენ VSLA-ს (შეგროვებისა და დახმარების ჯგუფი სოფლად) მოდელს.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრი ქალები ყარაჯალის, რუისპირის, წინუბანისა და ბირკიანის სოფლებიდან, განიხილეს VSLA-ის მიზნები, შედეგები და უპირატესობები.
საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით", რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.
რას გულისხმობს VSLA?
სოფლის განვითარების ხელშემწყობი მოდელი „შეგროვებისა და დახმარების ჯგუფი სოფლად" (VSLA), შემუშავებულ იქნა 1991 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ქეას მიერ. წლების განმავლობაში, VSLA მოიცვა 7.6 მილიონზე მეტი წევრი, რაც გულისხმობს 357000 ჯგუფს, 51 ქვეყანაში. წევრების 81% ქალია.
შეგროვებისა და დახმარების ჯგუფი სოფლად (VSLA) არის წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გაერთიანება, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დანაზოგებისა და სესხების მართვის მარტივი სისტემის დანერგვის გზით, ასევე, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას ჯგუფის წევრების დახმარება სოციალური ფონდის მეშვეობით.
ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საშუალებას აძლევს ქალებს დაიწყონ და განავითარონ ბიზნესები, შეიტანონ წვლილი ოჯახის ბიუჯეტში, მოიპოვონ ხმის უფლება გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამავდროულად აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში.
VSLA -ის ფუნდამენტალური პრინციპები და ფუნქციონირება:
1. ასოციაცია არის ავტონომიური და თვითმართველი, ინსტიტუციურად და ფინანსურად დამოუკიდებელი. ასოციაციის გადაწყვეტილების მიმღები არის გენერალური ასამბლეა ანუ წევრების საერთო კრება. ასოციაციის ყველა წევრი არის გენერალური ასამბლეის წევრი.
2. ყველა გარიგება თუ ფინანსური ოპერაცია ხორციელდება ასოციაციის ყველა წევრის თანდასწრებით. ეს უზრუნველყოს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას.
3. შეთანხმებული პერიოდის ბოლოს ('ციკლი') დაგროვილი დანაზოგი და გადახდილი მომსახურების საფასური (მოგება) წევრებს შორის ნაწილდება მათი აქციების პროპორციულად. ციკლი არ უნდა გაგრძელდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ დროისათვის გაცემული სესხები სრულად უნდა იყოს დაბრუნებული.თანხების განაწილების შემდეგ დაიწყება შემდეგი ციკლი.
4. ასოციაციის თითოეულ წევრს აქვს ინდივიდუალური სააღრიცხვო წიგნაკი, რომელშიც ასახულია წევრის დანაზოგი და ვალდებულებები. ასოციაციას კი აქვს ძირითადი ჟურნალი, სადაც ხდება საერთო შემოსავლებისა და ვალდებულებების აღრიცხვა.
5. წევრობა ღიაა როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, მაგრამ შერეული ასოციაციების შემთხვევაში გამგეობის ხუთი წევრიდან მინიმუმ სამი მაინც უნდა იყოს ქალი.
6. თავდაპირველად ასოციაციის წევრები იკრიბებიან რეგულარულად, წინასწარ შეთანხმებული ინტერვალებით: ყოველკვირეულად, ორკვირაში ერთხელ ან ყოველ ოთხ კვირაში. გამოცდილებაზე დაყრდნობით საუკეთესო ინტერვალი არის 2 კვირა.
7. ასოციაციის ძირითდი ორგანოა საერთო კრება (გენერალური ასამბლეა). ასოციაციის თითოეულ წევრს აქვს 1 ხმა. საერთო კრება ირჩევს კომიტეტს, რომელიც 5 წევრისაგან შედგება: თავმჯდომარე, მდივანი, ხაზინადარი და 2 მოლარე. ასოციაციას შეუძლია თვითონ განსაზღვროს გამგეობის წევრთა რიცხვი და შემადგენლობა.
ასოციაცია ქმნის სოციალურ ფონდს. ასოციაციის წევრები უნდა შეთანხმდნენ, რომ ყველა წევრი რეგულარულად, წინასწარ დადგენილი ინტერვალით შეიტანს ფონდში თანაბარ თანხებს. ეს უზრუნველყოფს მცირე გრანტების გაცემას კონკრეტული მიზნებისათვის, როგორიცაა გადაუდებელი დახმარება, დაკრძალვის ხარჯები და ობლებისთვის საგანმანათლებლო ხარჯები და ა.შ. სოციალური ფონდის თანხა ინახება სესხის ფონდისგან დამოუკიდებლად და არ შედის ციკლის ბოლოს გასანაწილებელ თანხაში.
VSLA -ის შედეგები:
- ჯგუფის წევრების შემოსავლების გაუმჯობესება
- ქალთა ეკონომიკური გაძლიერება
- ქალთა თვითშეფასების ამაღლება და ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარება
- ჯგუფის წევრების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება
- აქტივებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა