ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის სათემო მუშაკი, სვეტა ბორჩაშვილი, გენდერული ძალადობისა და ადამიანთა უფლებების შესახებ
10/12/2020 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

10 დეკემბერი ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს მთავრდება 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ. მსოფლიოში გავრცელებულმა კოვიდ-19 პანდემიამ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზარდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. დღესდღეობით, სახელმწიფოების ძირითადი ძალები მიმართულია პანდემიის დასამარცხებლად, თუმცა ამასთან ერთად, საყურადღებოა ადამიანთა სხვადასხვა უფლებების დაცვის მექანიზმების გააქტიურება და გაძლიერება.

 

გიზიარებთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, სათემო მუშაკის, სვეტა ბორჩაშვილის შეხედულებებს გენდერული ძალადობისა და ადამიანთა უფლებების შესახებ.


"სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა ხშირად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ოჯახურ ძალადობად არ აღიქვამს. გარდა ამისა, ტრადიციებიდან გამომდინარე, იზღუდება ქალთა სხვა უფლებებიც. მაგალითად უმეტესობა არ არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან ამის საშუალებას ოჯახი და თემი არ აძლევს.


გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა ან ხორციელდება თემის განვითარებისა და ქალთა გაძლიერების შესახებ, საზოგადოების შეხედულება ნელ-ნელა იცვლება უკეთესობისკენ. თუმცა, ამის მიუხედავად უფლებების დარღვევის ფაქტები მაინც ხშირია.

 


განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, აუცილებელია ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, ვებრძოლოთ უფლებათა დარღვევის ფაქტებს და დავეხმაროთ ერთმანეთს საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება ვიყოთ თავისუფლები, თანასწორები, ღირსეულები და ბედნიერები, მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, რწმენას და შეხედულებებს. ამიტომ, ვიყოთ ჰუმანურები და ერთად შევქმნათ ჯანსაღი, ტოლერანტული გარემო".