ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის მონაწილე ქალები გვიზიარებენ თავიან შეხედულებებს ქალების მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით
08/03/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

კრიზისის დროს, ქალები წამყვან როლს ასრულებენ ოჯახებში, თემებსა და სამუშაო ადგილებში. მიუხედავად ამისა, ქალები დღემდე არ არიან სათანადოდ ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა დონეზე.  მათთვის ხშირად რთულია თავიანთი აზრის თამამად გამოხატვა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალები, სამსახურთან და მცირე მეურნეობასთან ერთად, დიდ დროს უთმობენ სახლის საქმეებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ ჩანს და არ ფასდება. ამიტომ, ჩვენს საზოგადოებაში ქალის ხმა ხშირად არ ისმის.

 

მნიშვნელოვანია, ქალების ხელშეწყობა რათა გააქტიურდნენ, გახდნენ ლიდერები, შეძლონ ცვლილებების განხორციელება და დაეხმარონ სხვა ქალებს გაძლიერებაში

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის მონაწილე ქალები გვიზიარებენ თავიან შეხედულებებს ქალების მნიშვნელოვან როლთან დაკავშირებით:

 

თამარ შუბითიძე

 

 „ქალების, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობების გაზრდა, უნარ-ჩვევების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია მათი, როგორც ლიდერების ჩამოსაყალიბებლად. დღესდღეობით, რაიმე პრობლემის ან საკითხის მოსაგვარებლად ყოველთვის ვუერთდებით კაცებს და მათთან ერთად, თამამად გამოვთქვამთ ჩვენს აზრს. ძალიან მიხარია, ასე რომ განვითარდნენ ჩვენი ქალები და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები.

 

მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ქალის შრომა ფასდაუდებელია. მას სხვა დანარჩენ საქმეებთან ერთად, უწევს ოჯახის მოვლა, სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა და სხვ. რაც ხშირ შემთხვევაში არ ფასდება. ვფიქრობ, ოჯახში მამაკაცისა და ქალის საქმე დაბალანსებული უნდა იყოს".

 

 

ნაირა ბოლქვაძე

 

ქალებმა უნდა ამოვიღოთ ხმა და სხვებსაც დავანახოთ ჩვენი წვლილი საქმეში.


„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ქალებმა აღმოვაჩინოთ საკუთარ თავებში ლიდერული თვისებები, რომ შევძლოთ ხმა ამოიღოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენ და ჩვენთან ერთად საზოგადოების/თემის სხვა წევრებსაც გვაწუხებს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პოტენციალის განვითარების შესაძლებლობა მოგვეცა და თამამად ვიღებთ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მაგალითად, ჩვენი სოფლის ქალებს გვინდოდა ოთახის აშენება, რომელიც ჩვენი შეკრების ადგილი იქნებოდა, სადაც ტრენინგებს ჩავატარებდით და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვიმსჯელებდით. სწორედ ამიტომ, გავერთიანდით და მიუხედავად იმისა, რომ კაცებს სხვა ინტერესები ჰქონდათ, ქალებმა ჩვენი სიტყვა ბოლომდე შევინარჩუნეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.

 

აუცილებელია, რომ ქალის როლი და მისი შრომა, სათანადოდ დაფასდეს. მაგალითად, არსებობს ისეთი შემთხვევებიც როცა ქალი მიწას ამუშავებს და მთლიანად ჩართულია მოსავლის აღების პროცესში, შემდეგ კი პროდუქციას კაცი ყიდის. ასეთ დროს, ხშირად კაცის როლი უფრო ჩანს ვიდრე ქალის, რაც ჩემი აზრით უსამართლობაა. ამიტომ, ქალებმა ყოველთვის უნდა ამოვიღოთ ხმა და დავანახოთ ჩვენი წვლილი საქმეში."