კაზრეთის თემში პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა
12/07/2021 0 ნახვა

 



 



9 ივლისს, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, გაიმართა პროექტის გახსნითი ღონისძიება, კაზრეთის ცენტრალურ პარკში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა" (Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალენჯიხა, ზუგდიდი, გორი და ბოლნისი.

 

კაზრეთის თემში გამართულ გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ „ქეა კავკასია"-სა და „თანხმობა"-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია"-სა და „თანხმობა"-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებაში და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში,  დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება მთლიანად თემისთვის, და დიდ როლს ითამაშებს მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

 

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონებში მნიშვნელოვანია და გამოთქვეს, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან,  პროექტის მიზნების მიღწევაში მხარდაჭერის მზაობა.

 

გახსნითი ნაწილის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამებით, რომლებშიც  ახალგაზრდებთან ერთად თემის სხვა წევრებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.

 

ღონისძიება განხორციელდა  ადგილობრივ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით. ახალგაზრდებმა დაგეგმეს და განახორციელეს ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა პროგრამები, განმახორიცელებლი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

 

„კაზრეთში უამრავი ინიციატივა ხორციელდება, თუმცა ისინი ნაკლებად არის მორგებული ახალგაზრდებზე. დღევანდელი ღონისძიება პირველია, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება და ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. კოვიდ-19-ის შემდეგ, კაზრეთში მხოვრები ადგილობრივები ნაკლებად აქტიურობენ. ამიტომ, ვფიქრობ ეს პროექტი გამოაღვიძებს ახალგაზრდებს და ბევრს გაუჩნდება მასში მონაწილეობის სურვილი" - ანი, ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდა.

 

„ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია თემის და ახალგაზრდების განვითარებისთვის, რადგან ახალგაზრდებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს დააახლოვებს ერთმანეთთან და მათი შესაძლებლობების გამოვლენას შეუწყობს ხელს" - მარიამი, ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდა.

 

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამები, კერძოდ: ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა, კონცერტი, სპორტული შეჯიბრება, მათ შორის ჭადრაკისა და ფეხბურთის ჩემპიონატი, და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, და გასართობი აქტივობები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ეთნიკურ და ასაკობრივ ჯგუფებს. ღონისძიების დასწყისში გაიმართა ვიქტორინა სადაც ახალგაზრდებმა თავისი ცოდნა გამოავლინეს პროექტის და მისი მიზნების შესახებ.

 

პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს 450 ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს (14-29 წლის), რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში. პროექტი იმუშავებს 2022 წლამდე, და მის ფარგლებში, ახალგაზრდების, ასევე თემის წევრებისთვის სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება იგეგმება, მათ შორის:

 

  • ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებაა - პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს განავითარონ სხვადასხვა უნარები, გააქტიურდნენ და გახდნენ ლიდერები. ისინი შეძლებენ გამოავლინონ თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

  • საზოგადოების მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის გაზრდა - სათემო ინიციატივებისა და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, თემის წევრებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების როლზე, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

 

  • ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინება.

 

პროექტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით სათემო ინიციატივების და ღონისძიებების განხორციელებას!