16 ივლისს, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, გაიმართა პროექტის გახსნითი ღონისძიება, რიყის ცენტრალურ პარკში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა" (Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: წალენჯიხა, ზუგდიდი, გორი და ბოლნისი.
რიყის თემში გამართულ გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ „ქეა კავკასია"-სა და „თანხმობა"-ს გუნდის წევრები. ასევე, მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის მათ შორის მოხალისეები „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება"-დან.
ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას „ქეა კავკასია"-სა და „თანხმობა"-ს წარმომადგენლებმა. მათ ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, დაგეგმილ საქმიანობებზე. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების გააქტიურების მნიშვნელობას თემის განვითარებაში და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობა, მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დადებითი ცვლილებების მომტანი იქნება მთლიანად თემისთვის, და დიდ როლს ითამაშებს მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმაც და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია.
გახსნითი ნაწილის შემდეგ, ღონისძიება გაგრძელდა სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამებით, რომლებშიც ახალგაზრდებთან ერთად თემის სხვა წევრებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ.
ღონისძიება განხორციელდა ადგილობრივ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა პროგრამები, პროექტის განმახორიციელებელი ორგანიზაციების მხარდაჭერით.
„დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თემისთვის, რადგან ამ პროექტის გახნითი ღონისძიებით ვიწყებთ „რიყეობა"-ს დღესასწაულის აღნიშვნას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გაერთიანებას შეუწყობს ხელს" - ანი, ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდა.
„ვფიქრობ, ახალგაზრდებს შესწევთ ძალა, პოზიტიური ცვლილებები მოახდინონ თემში. ჩვენ ვცხოვრობთ საზღვრისპირა სოფელში, რომლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. რიყეში ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდაა. ეს პროექტი კი მათ ახალ შესაძლებლობებს მისცემს, რათა მეტად გააქტიურდნენ და ჩაერთონ სხვადასხვა პროცესებში, გახდნენ პასუხისმგებლიანები და მიზანდასახულები. ასევე, მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგია ასეთი ღონისძიებების ჩატარება თავად სოფელში, ეს დიდ მოტივაციას აძლევს ადგილობრივებს" - ცოტნე, ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდა.
ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამები, კერძოდ: ხელოვნების მასტერკლასი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, და გასართობი აქტივობები. ასევე, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება"-ს მოხალისეებმა პირველადი დახმარების მასტერკლასი ჩაუტარეს ღონისძიების მონაწილეებს. ღონისძიების დასწყისში გაიმართა ვიქტორინა სადაც ახალგაზრდებმა თავისი ცოდნა გამოავლინეს პროექტის და მისი მიზნების შესახებ.
პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. მიზნის მისაღწევად პროექტი აძლიერებს 450 ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს (14-29 წლის), რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების და მშვიდობის დამყარების პროცესებში. პროექტი იმუშავებს 2022 წლამდე, და მის ფარგლებში, ახალგაზრდების, ასევე თემის წევრებისთვის სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება იგეგმება, მათ შორის:
- ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერება - პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს განავითარონ სხვადასხვა უნარები, გააქტიურდნენ და გახდნენ ლიდერები. ისინი შეძლებენ გამოავლინონ თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და მოახდინონ მათი ადვოკატირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
- საზოგადოების მიერ ახალგაზრდების მხარდაჭერის გაზრდა - სათემო ინიციატივებისა და საინფორმაციო კამპანიების საშუალებით, თემის წევრებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდების როლზე, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
- ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობა, რათა მათ ხელი შეუწყონ ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყონ მათი საჭიროებებისა და პრობლემების გათვალისწინება.
პროექტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით სათემო ინიციატივების და ღონისძიებების განხორციელებას!