2021 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში, ახალგაზრდები კაზრეთის, მუჟავას, რიყესა და მერეთის თემებიდან დაესწრნენ ორ-დღიან ტრენინგს სამოქმედო გეგმების შედგენის შესახებ. ტრენინგზე ახალგაზრდებმა „ირის ჯგუფი"-ს ფასილიტატორების დახმარებით წარადგინეს მათ მიერ თემში ჩატარებული კვლევის შედეგები, გაანალიზეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები, და ეტაპობრივად შეიმუშავეს ადგილობრივი სამოქმედო გეგმები.
საერთო ჯამში, ტრენინგებს დაესწრო 50-ზე მეტი ახალგაზრდა სამიზნე თემებიდან. ნახეთ რას ფიქრობენ ისინი:
ნათია რომელაშვილი, მერეთის თემიდან
„მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ ტრენინგს დავსწრებოდი და ჩემი სოფლის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები შემესწავლა. ამასთან, ცოდნა გამიღრმავდა ისეთი თემების ირგვლივ როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ბულინგი, სოფლის პრობლემების იდენტიფიცირება და ა.შ. საჭიროა, გავაქტიურდეთ ახალგაზრდები და ერთად განვახორციელოთ ცვლილებები ჩვენს თემში."
ბელა შეროზია, მუჟავას თემიდან
„ტრენინგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვინაიდან მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი თემის სასარგებლოდ. ახალგაზრდობა მართლაც, მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ჩვენ გვაქვს საკმარისი ენერგია და სურვილი, რათა პოზიტიური ცვლილებები განვახორციელოთ ჩვენს სოფლებში. ახალგაზრდული პროექტი კი საუკეთესო შესაძლებლობაა მოქმედების დასაწყებად."
ლიზი გაბიძაშვილი, კაზრეთის თემიდან
„ტრენინგი ძალიან პროდუქტიული იყო. სამოქმედო გეგმებზე მუშაობა მოტივაციას გვაძლევს გავაქტიურედეთ, შევაფასოთ თემის მდგომარეობა და დავფიქრდეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ახალგაზრდების როლი ძალიან მნიშვნელოვანია თემის განვითარებაში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი მომავალი."
მათე ჭიჭინაძე, რიყის თემიდან
„ახალგაზრდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც სკოლის გარეთ გამოიმუშავებენ სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობით. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩემს სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებისთვის. თაობათა შორის კონფლიქტი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ახალგაზრდებში. ჩვენი აზრი და შეხედულებები უნდა გაითვალისწინოს უფროსმა თაობამ, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი."
პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.