საქართველოში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის საპასუხოდ 2022 წლის 1 თებერვლიდან „ქეა კავკასიამ" „ქეა ბრიტანეთთან" თანამშრომლობით ქვემო ქართლსა და კახეთში დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას რეგიონების მოსახლეობაზე.
პროექტი ხელს შეუწყობს ვაქცინაციის მოცვის გაუმჯობესებას, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდებში, ხანდაზმულებში, ეთნიკური და რელიგიური უმციროსებების წარმომადგენლებში. პროექტი ასევე მხარს დაუჭერს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს და სამედიცინო პერსონალის შესაძლებლბების გაზრდას COVID-19-ის გავრცელებაზე ეფექტური რეაგირებისთვის, და ქალებისა და გოგონების ინფორმირებას COVID-19-ის რისკების შესახებ.
გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით, თებერვლის თვეში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს, ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის (წალკა, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი) 14 სოფელში 300-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესწრო. COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობისა და სარგებლობის შესახებ სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია მათ გამოცდილი ექიმისაგან მიიღეს.
რეგიონული ცენტრებიდან დაშორებული სოფლების მოსახლეობის ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში გათვალისწინეულია თბილისიდან მობილური სამედიცინო ბრიგადის ჩაყვანა ადგილებზე. სწორედ ამ მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის ოროზმანის თემში, 28 თებერვალს დაიგეგმა ვაქცინაციის დღე და ზემო და ქვემო ოროზმანის სოფლის მოსახლეობა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით აიცრა მობილური ბრიგადის მიერ.
საინფორმაციო კამპანია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.
ფოტოები @გელა ბედიანაშვილი