ქეა კავკასიამ ქუთაისის აეროპორტში უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა
28/03/2022 0 ნახვა






28 მარტი, 2022
: 25 და 26 მარტს, ქეა კავკასიამ, ქეა ამერიკის მხარდაჭერით და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობით საქართველოში უკრაინიდან პოლონეთის გავლით ჩამოსულ ლტოლვილებს პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა და საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ქეა კავკასიის საინფორმაციო კუთხე განთავსდა. ქეას გუნდმა უკრაინის მოქალაქეებს გადასცა ინდივიდუალური ჰუმანიტარული დახმარების შეკვრა პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთებითა და საჭირო ინფორმაციით არსებული მხარდაჭერის სერვისების შესახებ. საერთო ჯამში ქეას შეკვრა 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ქეას გუნდმა ასევე უკრაინის მოქალაქეებს მიაწოდა ინფორმაცია ქეას მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობების შესახებ.

25 მარტს ქეას გუნდი ასევე შეხვდა ქუთაისის მერიას, რომელიც უკრაინელი მოსახლეობისთვის სხვადასხვა დახმარების პროგრამებს ახორციელებს და შეთანხმდა სამომავლო კოორდინაციაზე უკრაინის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ქეას გუნდი ასევე ესტუმრა ქუთაისში კომპაქტურად განთავსებულ უკრაინის მოქალაქეებს მათი საჭიროებების შესახებ მეტი ინფორმაციის მსიაღებად, რაც ქეას დაეხმარება დაგეგმოს მხარდაჭერის მექანიზმები პარტნიორებთან კოორდინაციით.

„მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ქეამ 100 მილიონი სასიცოცხლო მნიშვნელობის ამანათები გაგზავნა ოკეანის გაღმა, ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის დასახმარებლად ევროპაში. თითქმის 80 წლის შემდეგ ევროპაში კვლავ გავხდით ერთ-ერთი მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე და ქეას ამანათების დარიგების საჭიროება ისევ დგას. საწყის ეტაპზე ქეა გეგმავს პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები გადასცეს უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს. თუმცა ეს ქეას დახმარების მხოლოდ ნაწილია. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად უახლოეს კვირებში დავიწყებთ ფინანსური დახმარების გაცემას უკრაინელებისთვის, რომ მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება შევძლოთ"-განაცხადა ქეთევან ხაჩიძემ, ქეა კავკასიის აღამსრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ქეა კავკასიამ, ქეა ამერიკის მხარდაჭერით დაიწყო უკრაინაში ომის შედეგად საქართველოში დარჩენილი ან უკრაინიდან ლტოლვილი მოსახლეობის მხარდაჭერა. ქეა განსაკუთრებით მხარდაჭერას გაუწევს ქალებს, ბავშვებს, განსაკუთრებული საჭირეოებების მქონე პირებს და სხვა გადაუდებელი საჭიროებების მქონე ადამიანებს/ოჯახებს. საჭიროების შეფასება და განსაზღვრა მოხდება ქეას მიერ შემუშავებული ჰუმანიტარული რეაგირების მექანიზმების საშუალებით.

ქეა კავკასიის ჰუმანიტარული დახმარება დაფუძნებული იქნება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგფების რეალურ საჭიროებებზე და შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქმიანობას როგორიც არის:

- გადაუდებელი საბაზისო (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) საკვებისა და ნივთების მიწოდება, მათ შორის ჰიგიენური საშუალებების ქალებისა და ბავშვებისათვის

- მრავალმიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევა

- პირველადი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება საქართველოში არსებული მხარდამჭერი სერვისები შესახებ.

ქეა კავკასია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ლტოლვილი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხს

საჭიროებებზე მორგებული ჰუმანტარული დახმარების მოსამზადებლად, ქეა აგრძელებს ინფორმაციის შეგროვებას და სიტუაციის შეფასებას.

 

ქეა კავკასიის შესახებ:

ქეა კავკასიის რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს. ქეამ საქმიანობა დაიწყო როგორც ჰუმანიტარულმა სააგენტომ, რომელიც რეგიონში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას უწევდა დახმარებას. ადრეული 2000-იანი წლებიდან ქეა კავკასიამ დაიწყო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელება, თუმცა შეინარჩუნა თავისი ჰუმანიტარული მანდატი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქეამ უპასუხა ყარაბაღის I და II ომს, 2008 წლის ომს საქართველოში, სხვადასხვა ბუნებრივ კატასტროფებს რეგიონში, პირველადი ჰუმანიტარული საჭიროებებით: საკვების, ჰიგიენური ნივთებისა და თავშესაფრის მიწოდებით და კონფლიქტის-შემდგომი აღდგენის პროგრამების საშუალებით. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://care-caucasus.org.ge/?lng=geo

 

მედია კონტაქტი

სოფია ქამუშაძე

Sofial.Kamushadze@care.org

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ქეა კავკასია

ნუცუბიძის ქ. 14ბ.

ტ: +995 322 291387

CARE.Caucasus@care.org