მიმდინარე წლის ივნისში, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა, მეშვიდე ფაზის" (CDI-7) ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ე.წ. მწვანე სასუქების შეტანის, იგივე სიდერაციის მეთოდის დემონსტრირება შედგა. აღნიშნული მეთოდი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და მდგრადი შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
მწვანე სასუქების, იგივე სიდერატების გამოყენება, საქართველოში სრულიად ახალი მეთოდია და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის გაზრდისა და ნიადაგის ყველა თვისების გაუმჯობესების კარგ საშუალებას. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ისეთი კულტურებისათვის, როგორებიცაა კარტოფილი, ბოსტნეული, მწვანილი და სხვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ, რომლებიც საკუთარ ნაკვეთებში, აღნიშნული მეთოდის დანერგვას გეგმავენ სამომავლოდ.
პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). მისი მიზანია bp-ს და BTC/SCP მილსადენების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას შორის ჰარმონიული ურთიერთობის გაღრმავება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სტაბილური საარსებო პირობების შექმნის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების ხელშეწყობის გზით.
პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და სამხრეთ კავკასიური მილსადენების (SCP) გასწვრივ მდებარე 98 თემს, გარდაბნის, მარნეულის, რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.