პირველადი ჯანდაცვის რგოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონებში სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. სოფლის ექიმების დატვირთვა განსაკუთრებით გაიზარდა კოვიდ პანდემიის პერიოდში, როცა 24/7 უწევდათ მუშაობა როგორც პირისპირ, ასევე სატელეფონო კონსულტაციებით.
ქალბატონი ეთერი კოლეგებთან ერთად სოფელ მატანის 6000-მდე ადგილობრივ მოსახლეს ემსახურება და ამაყობს, რომ კოვიდ პანდემიის გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და მოსახლეობის ნდობა და იმედი კიდევ ერთხელ გაამართლა.
„პანდემიის პერიოდში საოჯახო და პროფესიული საქმიანობის შეთავსება საკმაოდ რთული იყო. პაციენტებს ისე ვჭირდებოდით, რომ ხშირად ოჯახს ვერ ვაქცევდით სათანადო ყურადღებას. იყო შემთხვევები როცა შიშველი ხელებით გვიწევდა გამოწვევებთან გამკლავება, არ გვქონდა დისტანციური თერმომეტრი, პულსოქსიმეტრ. პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს ჩვენი სახსრებით ვიძენდით. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის პაციენტები და მათი ჯანმრთელობა უპირატესი იყო."
როგორც ქალბატონი ეთერი ამბობს, სოფლის ექიმებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და სიახლეების გაცნობა. ამიტომ, მუდმივად ცდილობს ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს.
„მიუხედავად იმისა, რომ პანდემია თითქოს დამარცხებულია, რეალურად ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ქეა კავკასიის" მიერ ორგანიზებული ტრენინგები, სადაც ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხი იყო კოვიდ ინფექციის შემდგომი გართულებების მართვა".
პროექტის „COVID19-ზე რეაგირება" ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის ოჯახის ექიმებისათვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი კოვიდ ინფექციის ბინაზე მართვისა და ვაქცინაციის საკითხებზე. მათ ასევე გადაეცათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (იდს) და აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა. პროექტი ხორციელდება ქეა ბრიტანეთის ფინანსური მხარდაჭერით.