„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის საქმიანობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს
07/10/2022 0 ნახვა

 

 

 

5 ოქტომბერს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ბარბარა კონზეტი და ნინო ტოგონიძე, ასევე ქეა კავკასიის ხელმძღვანელი ქეთი ხაჩიძე და პარტნიორი ორგანიზაცია ასოციაცია "თანხმობა"-ს დირექტორი იულია ხარაშვილი ქეას ახალგაზრდული პროექტის მიმდინარეობას გაეცვნენ სოფელ მუჟავასა (წალენჯიხის მუნიც) და სოფელ რიყეში. (ზუგდიდის მუნიც). სტუმრებმა მოისმინეს ახალგაზრდების პერსპექტივა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ახალგაზრდული აქტივიზმის საკითხებსა და მათ საჭიროებებზე.

ამავე დღეს, სოფელ რიყეში ახალგაზრდებმა ახალი არაფორმალური განათლების სივრცე გახსნეს, რაც საშუალებას მისცემთ მათ იდეები გაცვალონ, დისკუსიები გამართონ ახალგაზრდების საჭიროებებსა და რიყეს პრობლემებზე, დაგეგმონ სახალხო დღესასწაულები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. სივრცე ახალგაზრდების აქტივიზმის და წარმატებული ადვოკატირების კამპანიის შედეგად , ზუგდიდის მერიისა და პროექტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტი უკვე ორი წელია მუშაობს ახალგაზრდებთან სამეგრელოს, ქვემო-ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან. პროექტის დასაწყისში ახალგაზრდებმა თავადვე მოიკვლიეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემები. სოფელ რიყეში მთავარი გამოწვევა ახალგაზრდული სივრცის არ არსებობა იყო. სწორედ ამიტომ, პროექტის მხარდაჭერით ახალგაზრდებმა აქტიურად დაიწყეს ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მუნიციპალიტეტთან ადვოკატირება იყო. საბოლოოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებს 2 წლიანი უზურფრუქტით გადასცა გამგეობის შენობაში არსებული ერთი ოთახი, რომელიც ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში გარემონტდა და აღიჭურვა ავეჯითა და ტექნიკით.

„ხშირად გვინდოდა სკოლის მერე შევკრებილიყავით და გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის იდეები, მაგრამ, ამისთვის არ გვქონდა უსაფრთხო შეკრების ადგილი. სივრცე ჩვენი სოფლის ახალგაზრდების ყველაზე დიდი მიზანი იყო და მიხარია, რომ ბევრი შრომის შედეგად ამ მიზანს მივაღწიეთ" -  მარიკა გოგია სოფელ რიყედან.

სივრცე ღია იქნება სოფელ რიყეში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, სივრცის საქმიანობას გაუძღვება ორგანიზაცია „მთავარი თაობა", რომელიც ასევე „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ემსახურება ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერებასა და განვითარებას.

„სამომავლოდ ბევრ საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებას ვგეგმავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის შევქმნათ უკეთესი გარემო, ვიზრუნოთ მათ გაძლიერებაზე, განვითარებაზე, მოტივაციაზე და უფრო გავუხალისოთ ცხოვრება. ამ ყველაფრისთვის კი ახალგაზრდულ სივრცეს გამოვიყენებთ." - უამბო სტუმრებს გიორგი ჯოჯუამ, „მთავარი თაობის" წარმომადგენელი.

გახსნის ღონისძიების შემდეგ პროექტის გუნდი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას, სადაც ახალგაზრდებმა წარადგინეს თავიანთი მიღწევები ამ პროექტში, სოფელში არსებული გამოწვევები და მათი სამომავლო გეგმები. ახალგაზრდების აქტივიზმის შედეგად სკოლაში წყლის სისტემა შეკეთდება, გარემონტდება სპორტული დარბაზი და არაფორმალური განათლების სივრცე შეიქმნება.

„მუჟაველ  ახალგარდებს უამრავი გამოწვევა აქვთ, მაგრამ ასევე აქვთ უშრეტი ენერგია, რომ შექმნან და გამოიყენონ განვითარების ახალი შესაძლებლობები. ეს მცირე ახალგაზრდული ინიციატივები მათი მონაპოვარია და უმნიშვნელოვანესია სკოლის 100მდე მოსწავლისთვის“ აღნიშნა ქეთი ხაჩიძემ. 

„ამ პროექტმა ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. სკოლაში არ გვქონდა წყალი, რომელიც დიდ პრობლემებს გვიქმნიდა, განსაკუთრებით კოვიდის პერიოდში და ძალიან გვიჭირდა ჰიგიენის დაცვა. ასევე, ჩვენს სპორტ დარბაზში შესაბამისი პირობები არ გვქონდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის შეგვეწყო ხელი. არ გვქონდა სივრცე სადაც შევიკრიბებოდით და სკოლის გარეთ იდეებს გავცვლიდით და ცხოვრებას გავიხალისებდით. მიხარია, რომ ახლა ეს ყველაფერი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მუჟავას სოფლის ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია ექნებათ, გააქტიურდნენ." - ლიზი, პროექტის მონაწილე ახალგაზრდა.

შეხვედრა სოციალური კაფის ინიციატივით დასრულდა. ახალგაზრდებმა ერთმანეთს და სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები გენდერზე, მშვიდობის მშენებლობაზე, ახალგაზრდების როლზე და ა.შ.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები პროექტის გუნდთან ერთად, ასევე  შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს და მოისმინეს მათი სტრატეგია და გეგმები კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერისთვის. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი გააგრძელონ პროექტის შედეგების, მათ შორის ახალგაზრდული სივრცეების მხარდაჭერა პროექტის დასრულების შემდეგაც.

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ „ქეა კავკასია" (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"(Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას. პროექტი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და გაძლიერებას. იგეგმება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ გაუზიარონ მათი პრობლემები და იმსჯელონ გადაჭრის გზებზე. ქეა კავკასია კი აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების მხარდაჭერას საგრანტო კონკურსის პროექტების განხორციელებაში.