ქეა კავკასია აგრძელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას საქართველოში
10/10/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

 

ქეა კავკასია აგრძელებს უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას საქართველოში. მომავალი რვა თვის განმავლობაში, ორგანიზაცია განახორციელებს პროექტს, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოში ყველაზე დაუცველი უკრაინელი ლტოლვილების გადაუდებელ საჭიროებებს. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია Nachbar in Not/Neighbour in Need და ხორციელდება ქეა ავტრიასთან პარტნიორობით.

საქართველო უკრაინელ ლტოლვილებს 2022 წლის თებერვლიდან იღებს. უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს აქვთ მრავალი გადაუდებელი საჭიროება, მათი მოწყვლადობისა და საქართველოში გატარებულ პერიოდზე დაყრდნობით, მათ ესაჭიროებათ როგორც ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ასევე (თვით)დასაქმებისა და შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობა. დღემდე, ძირითადი მოთხოვნილებები, როგორიცაა საკვები, ჰიგიენა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რჩება პრიორიტეტულ საჭიროებად, განსაკუთრებით ახლად ჩამოსული უკრაინელებისთვის.

ქეა კავკასია ომის პირველი კვირიდან ეხმაურება ჰუმანიტარულ კრიზისს უკრაინაში. ქეამ დაადგინა ლტოლვილებთა საჭიროებები და პრიორიტეტები, შეიმუშავა და უზრუნველყო ამ ჯგუფებისთვის ფულადი დახმარების პროგრამა. ასევე დაურიგა საკვები და ჰიგიენური საშუალებები, გაუწია იურიდიული კონსულტაციები ლტოლვილ მოსახლეობას. ძირითადად ფოკუსი ქალებსა და ბავშვებზე გაკეთდა, როგორც ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე. ქეა კავკასიამ შეიმუშავა რეაგირების სტრატეგია უკრაინელი ლტოლვილების დაუყოვნებელი და შუალედური საჭიროებებისთვის.

8 თვიანი პროექტის ფარგლებში, უკრაინელი ლტოლვილები, ძირითადად ქალები, ბავშვები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ დახმარებას შემდეგი ღონისძიებებით:

-ფულადი დახმარება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით


-ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის საკვებისა და ჰიგიენური ნივთების მიწოდებით.

-იურიდიული მხარდაჭერა და კონსულტაცია. რეგიონულ მომსახურების მიმწოდებელთან პარტნიორობით, ქეა კავკასია ლტოლვილებს შესთავაზებს იურიდიულ კონსულტაციას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

-საქართველოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება ლტოლვილი ქალებისა და ბავშვებისთვის დახმარების მიწოდების მიზნით.

ქეა კავკასია ჩაატარებს გენდერული ანალიზის კვლევას, რათა უკეთესად გაეცნოს ქალების, მამაკაცებისა და ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილების არსებულ სიტუაციას, ძირითადი საჭიროებების, საზრუნავებისა და პრიორიტეტების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინელი ქალებისა და გოგონების მიმართ. გენდერული ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციები დაეხმარება ქეას და მის პარტნიორ ორგანიზაციებს გააცნობიერონ მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკური საჭიროებები, უკეთ უპასუხონ ლტოლვილთა სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებსა და სპეციფიკურ გამოცდილებას.

 

ქეა კავკასიამ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამა და დღემდე 3000-მდე ადამიანს გაუწია დახმარება, თუმცა ლტოლვილთა შემოდინებასთან ერთად, მათი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება დღემდე პრიორიტეტულ საკითხად რჩება. ავსტრიელი დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა. ახალ პროექტში, ქეა ასევე გააძლიერებს  სოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და იურიდიული კონსულტაციების მიწოდების მიმართულებებსაც. ჰუმანიტარული კრიზისების დროს აუცილებელია გათვალისწინებულ  იქნეს ლტოლვილთა სხვადასხვა ჯგუფების მოთხოვნილებები. ვფიქრობთ, გენდერული ანალიზის კვლევა, რომელსაც ქეა კავკასია ჩაატარებს დაეხმარება ქეასა და პარტნიორებს უკეთ მოარგონ თავიანთი პროგრამები ლტოლვილთა სხვადასხვა ჯგუფების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგოების სპეციფიურ საჭიროებებს.-ქეთევან ხაჩიძე, ქეა კავკასიის აღმასრულებელი დირექტორი.

ქეა არის უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის წევრი და თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან. ქეას სამართლებრივი დაცვის ჯგუფი UNHCR-ის საკოორდინაციო ჯგუფის ნაწილია. ქეა მჭიდროდ ითანამშრომლებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველოყოფის სააგენტოსთან, რათა უზრუნველყოს უკრაინელები გენდერული ნიშნით ძალადობის, დაცვისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით.