„ქეა კავკასიამ“ გამართა კონფერენცია: ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის
26/10/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

25 ოქტომბერს, ქეა კავკასიამ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა კონფერენცია ახალგაზრდების როლზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ „ქეა კავკასიის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხაჩიძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ კარნერი, ასოციაცია „თანხმობის" თავჯდომარე, იულია ხარაშვილი,  ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის სომხური კომიტეტის წარმომადგენელი, ნატალია მარტიროსიანი, ასევე, სხვა საერთაშორისო, სამთავრობო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან და სომხეთიდან. მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების ხედვაზე მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე, კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ცხოვრების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე და მათ მიღწევებზე, მშვიდობის მშენებლობასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრისთვის ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

 

„ჩვენთან თუ ჩამოხვალთ სკოლაში და სკოლის მოსწავლეებს ჰკითხავთ, რა არის მათი სამომავლო გეგმები, უმეტესობა გეტყვით რომ მათ სურთ წავიდნენ, ისწავლონ, განვითარდნენ და ხშირ შემთხვევაში თავი დაიმკვიდრონ დედაქალაქში. თუმცა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ დაბრუნდეს უკან, განავითაროს თავისი თემი, დამკვიდრდეს იქ და შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია და მავთუხლართები. დიახ, ჩვენ, ახალგაზრდები მივდივართ. მივდივართ სოფლებიდან იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ პერსპექტივას, არ გვაქვს გარანტია მშვიდობისა, იმიტომ რომ ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის რეალიზებას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი, ახალგაზრდების, ჩართულობა იმ პროცესში, რასაც ერის განვითარება ჰქვია და მე მინდა მოვუწოდო იმ ახალგაზრდებს, ვინც ასეთ სოფლებში ცხოვრობს და არა მარტო, რომ იყოთ აქტიურად ჩართულები თქვენი თემის განვითარებაში და გამოიყენოთ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც თქვენ გარშემოა, მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტებიც და ისეთი ორგანიზაციებიც, როგორიც ქეა კავკასია და თანხმობაა, ყოველთვის მზად არიან, დაგვეხმარონ და ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში." - მარიამ გორგიშელი, მერეთს თემიდან.

 

კონფერენცია გახსნა ქეთი ხაჩიძემ, ქეა კავკასიის აღმასრულებელმა დირექტორმა:

 

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდაა. აზერბაიჯანში ყოველი მესამე 14-იდან 29 წლამდეა და შედარებით ნაკლებია მათი რაოდენობა სომხეთსა და საქართველოში. მათ არ უნდა მოუწიოთ არჩევანის გაკეთება: დადგნენ ომის თუ მშვიდობის სადარაჯოზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიმუშავოთ მათთან, ჩავდოთ მათში ინვესტიცია, რომ მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოყენება. მათ ჭირდებათ უნარების განვითარება, თვითრწმენა, განათლება, დასაქმება და ეკონომიკური რესურსები, ხელშემწყობი გარემო და მეტი კავშირი გარე სამყაროსთან. ახალგაზრდები ხომ სავსე არიან ენერგიით, ისინი უფრო შემოქმედებითები არიან, უფრო კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს და ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც არასდროს....ახალგაზრდების ხმა უნდა ისმოდეს აქ და ახლა, ხმამაღლა და მაღლა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ მშვიდობას."

 

ახალგაზრდების როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა ალექსანდერ კარნერმაც, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა:

 

 „ვფიქრობ, სწორედ თქვენ, ის ახალგაზრდები, ვინც მუშაობთ თქვენივე თემების განვითარებისთვის, წარმოადგენთ მთავარ ძალას ადვოკატირებისთვის, უკეთესი მომავლისთვის და იმ საკითხებისთვის, რომელთა გადაწყვეტაც მნიშვნელოვანია სამომავლოდ...ერთმანეთთან თანამშრომლობას დიდი ძალა აქვს და ვფიქრობ თქვენც, სწორედ ამას აკეთებთ თქვენივე თემებში და ასე უნდა გააგრძელოთ მომავალშიც. ყველა ჩვენგანს უნდა იყოს ლიდერი, თუმცა გუნდური მუშაობა მეტად მნიშვნელოვანია. თუ გუნდის კარგი წევრები იქნებით, საბოლოოდ თქვენივე საზოგადოებასაც წარუძღვებით წინ."

კონფერენცია პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო მხარი დაეჭირა ახალგაზრდების როლის გაძლიერებისთვის მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პროცესში (გაეროს ახლგაზრდები მშვიდობის და უსაფრთოხების (2250) და ქალების მშვიდობის და უსაფრთხოების (1325) რეზოლუციების ჭრილში), გაეძლიერებინა პოლიტიკური ნება ამ საკითხის გარშემო  და შეექმნა სივრცე ახალგაზრდების მიღწევების და გამოწვევების გასაზიარებლად.

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და ახორციელებენ „ქეა კავკასია" (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"(Consent), ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს სამეგრელოს, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, მიეცათ შესაძლებლობა განვითარებულიყვნენ, დაფიქრებულიყვნენ თუ რა გამოწვევები აქვთ თავიანთ სოფლებში და როგორ შეიძლება მოახდინონ რეაგირება იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებთ. ამასთან, ახალგაზრდებმა იდენტიფიცირებული პრობლემების ადვოკატირება მოახდინეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. მიიღეს ცოდნა გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების და თანასწორობის საკითხებზე, დაინახეს მათი, როგორც ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სათემო ინიციტივების განხორციელებაში. პროექტის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, კი გადაიჭრეს ახალგაზრდების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემები, მათ შორის: გაკეთდა ახალგაზრდული სივრცეები, შეიქმნა გოგოების საფრენბურთო გუნდები, ჩამოყალიბდა სამაგიდო თამაშების და საზაფხულო კინო-თეატრის კლუბები.

 

„ქეა კავკასია" უკვე მრავალი წელია მუშაობს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. თავისი გამოცდილებითა და ინოვაციური მიდგომებით, ასევე სხვადასხვა დონორებთან და პარტიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, ქეა ხელს უწყობს ახალგაზრდებს რომ წვლილი შეიტანონ ღირსეული, თანასწორი და მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბებაში.