კომფორტული ინფრასტრუქტურა წარმატებული მომავლისათვის
28/10/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ოთახის განათება, გარემო, ხმაური, სკამი, მერხი და კედლების ფერიც კი მოსწავლეების სწავლის ხარისხზე ახდენს გავლენას.  არაერთი სამეცნიერო კვლევა ცხადყოფს, რომ კომფორტული, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო მოსწავლეების ჩართულობაზე, კონცენტრაციის უნარსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება. უკვე რამდენიმე წელია, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის დირექცია, ცდილობს დამატებითი რესურსების მოზიდვას სწორედ ასეთი გარემოს შექმნის მიზნით. სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივი დაფინანსების პირობებში, bp საქართველო  ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის შესაძლებლობას აძლევს სათემო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

 

სკოლაში  ამჟამად 700-მდე მოსწავლე სწავლობს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. სკოლის ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა იმისათვის, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრების ზრდაზე და ფიზიკურ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო შეიქმნას, სკოლის დირექცია ძალისხმევას არ იშურებს.

 

„ჩვენი სკოლა უკვე 7 წელზე მეტია აქტიურად იღებს მონაწილეობას პროექტში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა". ამ წლების მანძილზე ჩვენ შევძელით სკოლის ინფრასტრუქტურის მკვეთრად გაუმჯობესება, პროექტის ფარგლებში გავარემონტეთ და კომფორტული გარემო შევქმენით საკლასო ოთახებში, სამასწავლებლოებში, სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები და მოეწყო პანდუსი შშმ პირებისათვის. სასიამოვნო, უსაფრთხო და სუფთა გარემო კი ერთ-ერთი წინაპირობაა  იმისთვის, რომ მოსწავლემ კარგად ისწავლოს, მასწავლებელმა კი მეტად სახალისო და პროდუქტიული გაკვეთილი ჩაატაროს. bp საქართველოს დახმარებით კი ეს ნამდვილად შევძელით, რაც მოსწავლეების და მათი მშობლების კმაყოფილებას იწვევს", ამბობს რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი.

 

2022 წელს პროექტის მე-7 ფაზის ფარგლებში სკოლაში დამატებით კიდევ სამი საკლასო ოთახი სრულად გარემონტდა, რაც დადებით გავლენას ახდენს სასწავლო პროცესსა  და სწავლის ხარისხზე, ასევე ზრდის სკოლისადმი მიმართვიანობას.

 

„ძალიან მომწონს ჩემი ახალი საკლასო ოთახი, ლამაზი და ფერადი. გაკვეთილებზე დასწრება ახლა უფრო მიხარია", ამბობს მე-3 კლასის მოსწავლე ანა, 8 წლის.

 

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა  და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP). პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია".