თბილისში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „LEADER: ევროპული მიდგომა სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის", რომლის მონაწილეებმა საქართველოს სოფლის განვითარების წარმატებებზე, გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
კონფერენციამ შეაჯამა ევროკავშირის 234.5 მილიონი ევროს დაფინანსებით განხორციელებული პროგრამის, ENPARD-ის შედეგები, რომელიც საქართველოს სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების დანერგვას, სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგრადი მომავლის მშენებლობას ემსახურება.
"სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა. მდგრადი, მწვანე და თანასწორი სოფლის განვითარება ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას ადამიანებისა და გარემოს საკეთილდღეოდ. სოფლის განვითარების მოდერნიზების, შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და პრაქტიკული მიდგომების დანერგვის მხრივ, საქართველომ გასული 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირი მიესალმება ამ წარმატებას და აგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას სოფლად უკეთესი შესაძლებლობების შესაქმნელად", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს და ევროკავშირთან ინტეგრაციის ამოცანებს შეესაბამება. 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაში გაწერილია მკაფიო გეგმა, რომელიც კონკურენტუნარიანი სოფლის ეკონომიკის განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სოფლად მომუშავე კომპანიებმა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა (LAGs) და საერთაშორისო პარტნიორებმა.
კონფერენციას დაესწრნენ და მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა, რომელთაც საქართველოს სოფლის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა და ENPARD-ის პარტნიორებმა განიხილეს სოფლის განვითარებაში საუკეთესო ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დანერგვა და ევროპული მიდგომების, მათ შორის LEADER-ის ინსტიტუციონალიზაცია.
კონფერენციაზე მიმდინარე მსჯელობის პარალელურად, გაიმართა ფერმერული ნაწარმისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა.
დამატებითი ინფორმაცია
პროგრამა ENPARD უკვე თითქმის ათი წელია მიმდინარეობს. 2013-2022 წლებში, ამ ფართომასშტაბიანი ინიციატივის სამი თანმიმდევრული ეტაპი განხორციელდა. ENPARD-ის მეშვეობით, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემების ჰარმონიზებას ევროკავშირის სტანდარტებთან. პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებულია ევროპის ერთიანი გუნდის მიდგომა, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის წევრის ქვეყნების, მათ შორის ავსტრიის, ესტონეთის, ლატვიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ჩართულობასა და მათი გამოცდილების გამოყენებას. ევროკავშირისა და ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო ევროკავშირში მიღებული მიდგომების, მათ შორის LEADER-ისა და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების დანერგვა, რის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორცილდა ადგილობრივი ინიციატივების მთელი რიგი სოფლის ეკონომიკისა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის.
ევროკავშირის მრავალწლიანმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს სოფლის ცხოვრება, რასაც კონფერენციის მონაწილეებმაც გაუსვეს ხაზი:
ENPARD-ის სამიზნე რეგიონებში შეიქმნა ან შენარჩუნდა 2,600 სამუშაო ადგილი, რომელთა უმეტესობა (1,700) ქალთა დასაქმებას ემსახურება.
1,700 სოფლად მცხოვრები ქალი და კაცი ჩაერთო უნარების განვითარებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფები, რომლებიც ENPARD-ის მესამე ფაზის დროს შეიქმნა, შესაბამისი საბჭოების მიერ იმართება, სადაც ქალებისა და კაცების თანაბარი წარმომადგენლობაა დაცული. ეს ხელს უწყობს გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნას ადგილობრივი განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების დროს.
კონფერენცია „LEADER: ევროპული მიდგომა სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის" გაიმართა ევროკავშირის ხელშეწყობითა და ENPARD-ის გარშემო გაერთიანებული პარტნიორების ორგანიზებით, რომელთა შორისაა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), Action Against Hunger, CARE კავკასია, CENN და People in Need.