თბილისი, 17 თებერვალი, 2023 - ქეა კავკასია კოოპერატივების განვითარების ფონდთან ერთად ქეას გამოცდილი მოდელის ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის" განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის გაზრდა გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით. პროექტის სამიზნე არეალია სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონები. პროექტი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს მცირე მეწარმე ფერმერი ქალების პროდუქტიულობისა და შემოსავლიანობის მაჩვენებლის ზრდას და დაეხმარება მათ სრულყოფილად ჩაერთონ სოფლის მეურნეობის სისტემაში.
ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლის (FFBS) მოდელი შემუშავებულია ქეა საერთაშორისოს გზამკვლევის საფუძველზე და ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. FFBS ფარგლებში:
- - ფერმერთა ჯგუფები გაეცნობიან თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საშუალებებსა და ტექნოლოგიებს და მიიღებენ პრაქტიკული ცოდნას ჯგუფისთვის განკუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.
- - პროექტი შეიმუშავებს და განახორციელებს ტრენინგების ციკლს, რომელიც ფერმერებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და ცხოვრების დონის ამაღლებაში. მათ შორის, გენდერის, გარემოს დაცვის, კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის და რისკების მართვის მიმართულებით.
- - პროექტი დაეხმარება ფერმერებს მარკეტინგისა და ბრენდირების მიმართულებით და ახალი ბაზრების მოძიებაში.
- - ფერმერები სასწავლო ვიზიტიებისა და შეხვედრების საშუალებით გაცვლიან ინფრომაციას ახალი ტექნოლოგიებისა და ბაზრების შესახებ.
პროექტი შეამცირებს ფერმერი ქალების წინაშე არსებულ გენდერულ და სოციალურ ბარიერებს სოფლის მეურნეობაში და გაზრდის ქალთა მონაწილეობას სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვებში.
პროექტი ასევე მხარს უჭერს ინოვაციური და კლიმატ-გონივრული მიდგომების დანერგვას და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით ფერმერთა ცოდნისა და რესურსების ზრდას.
პროექტის განხორციელების შედეგად პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები 500 ფერმერი ქალი გაიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და ექნება მეტი წვდომა ფინანსებზე და რესურსებზე. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 200 000 დოლარს.