ქეა კავკასია აძლიერებს სოფლად მცხოვრები ქალების რეგიონულ კავშირებს
10/11/2023 0 ნახვა

 

 

 

 

 

ქეა კავკასიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით უმასპინძლა რეგიონულ კონფერენციასა და სასწავლო ვიზიტებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ თანამშრომლობის, ბიზნეს კავშირების ხელშეწყობასა და  გამოცდილების გაზიარებას სოფლად მცხოვრებ 30 მეწარმე ქალს შორის საქართველოდან და სომხეთიდან.

 

კონფერენციამ გააერთიანა მეწარმე ქალთა მრავალფეროვანი და დინამიური ჯგუფები საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებსაც სურდათ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება,  ბიზნეს კავშირების და თანამშრომლობის დამყარება.  წარმატებულმა მეწარმე ქალებმა მონაწილეებს გააცნეს ბიზნეს საქმიანობისა და წარმატების ფორმულა.

 

კონფერენციას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქეა კავკასიის, UNDP-ის, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) და ფონდი ტასოს წარმომადგენლები.

 

კონფერენციის პირველი სესია დაეთმო  მარკეტინგისა და ბრენდინგის საკითხებს. მონაწილე ქალები გაეცნენ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელობას, ბრენდინგის როლს ბიზნესის განვითარებაში, ბრენდის შექმნას,  ბიუჯეტის გაწერასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და არხების გამოყენებით ბაზარზე წვდომის მოპოვებასა და მარკეტინგული კომუნიკაციების მართვას. გარდა ამისა, სესიის დასასრულს გამოფენაზე ქართველმა და სომეხმა ქალებმა წარმოადგინეს თავიანთი პროდუქცია, მათ შორის ხელნაკეთი აქსესუარები, ჩანთები, თაფლი და მისგან დამზადებული პროდუქტები და სხვა.

 

„საოცრად დადებითი ემოციები მაქვს. ასეთი გაცვლითი შეხვედრები უფრო მეტად გვაფიქრებს და მეტ მოტივაციას გვაძლევს ქალებს, რომ გავძლიერდეთ. ვაწარმოებ ღვინო „შალას" და მსურს პროდუქტის რეალიზაცია. კონფერენციაზე ბევრი საინტერესო ინფრომაცია და რჩევები მივიღე მარკეტინგის და ბრენდირების შესახებ, რაც დამეხმარა მეფიქრა, თუ როგორ შევფუთო და სწორად მივაწოდო მომხმარებელს ჩემი პროდუქტი." - შორენა მეტრეველი, ასურეთიდან.


კონფერენციის დასკვნითი სესია დაეთმო გენდერული ბიუჯეტირების (GRB) ინიციატივების  შესახებ გამოცდილების გაზიარებას. სესიაზე მიმოიხილეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა გენდერული ბიუჯეტირების კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ასევე, წარმოდგენილი იყო გენდერული ბიუჯეტირების (GRB) ინიციატივების  პრაქტიკები სომხეთისა და საქართველოს მაგალითზე. კონფერენციის მონაწილე ქალებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებებზე ადგილობრივი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებში მონაწილეობის კუთხით.

 

კონფერენციის მეორე დღეს გაიმართა სასწავლო ვიზიტი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა სომხეთიდან ადგილზე ნახეს ქართველი მეწარმე ქალების ბიზნესები, მათ შორის, სასათბურე მეურნეობა, სამკერვალო და ყავის საწარმოები. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცვალათ ცოდნა, გამოცდილება, ესაუბრათ გამოწვევებზე და აღმოეჩინათ შესაძლებლობები სექტორული პარტნიორობისთვის.