„შეუძლებელი არაფერია, საჭიროა მხოლოდ წინსვლა" - გაიცანით 16 წლის ნანო, ჯვარის ახალგაზრდული კლუბის ლიდერი.
ნანო ფოტოგრაფიით არის გატაცებული, განსაკუთრებით უყვარს, როდესაც ადამიანებში ემოციებს იჭერს და მათ სამუდამოდ ინახავს. ამასთან, აქტიური ახალგაზრდაა თავის თემში, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა სურს. თავდაპირველად სკოლაში დაიწყო პროექტების განხორციელება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ. ახლა კი, ჯვარის ახალგაზრდული კლუბის ლიდერია.
„YV4BF პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს კლუბში საოცრად საინტერესო და კრეატიული ახალგაზრდები ვართ. აქ ის გარემოა, სადაც ყოველდღე ვიზრდებით და ვვითარდებით."
ჯვარში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. ზოგი კალათბურთს თამაშობს, ზოგი ცეკვავს და მღერის, ზოგი კი მხატვრული კითხვით არის დაინტერსებული. ამასთან, გოგოებმა ფრენბურთის კლუბიც შექმნეს და აქტიურად მისდევენ სპორტის ამ სახეობას.
„მიხარია, რომ ახალგაზრდები სკოლის გარეთ აქტივობებითაც არიან დაკავებული, მაგრამ უკეთესი შესაძლებლობებით, ბევრად დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. მაგალითად, უკეთესი დარბაზი და სხვადასხვა შეჯიბრში მონაწილეობა, საკმაოდ განავითარებდა გოგოების ფრენბურთის კლუბს."
ნანოს სჯერა, რომ YB4BF პროექტის საშუალებით, ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს დაანახებს.
„გვინდა მრავალფეროვანი ღონისძიებები შევთავაზოთ ადგილობრივებს. მაგალითად, გვსურს წიგნების თაროები განვათავსოთ ქუჩებში და წიგნები იმ ადამიანებისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, რომლებსაც არ აქვთ შეძენის საშუალება. კინო-ჩვენების გამართვასაც ვაპირებთ გენდრული თანასწორობის მიმართულებით. ერთი სიტყვით, დიდი გეგმები გვაქვს."
ნანო ფიქრობს, რომ ახალგაზრდებს დიდი როლი აქვთ უკეთესი მომავლის შექმნაში.
„ჩვენი ხმა აუცილებელია საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის. იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჯერ კიდევ ერიდებათ გამოხატვის, ვეტყოდი რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარი, რაც ჩვენს თავს შეგვიძლია ვაჩუქოთ, ეს არის განვითარებისკენ წინსვლა და ამ გზაზე, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა."
პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.