ხელნაკეთი ნივთები და ქრისტინას იმედები
29/01/2018 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ქრისტინა ხელნაკეთი ნივთების სოციალური საწარმო „ჩვენი სივრცის" ყველაზე ახალი წევრია,რომელიც პროექტის "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" ერთ-ერთი ბენეფიციარია. საწარმოში მუშაობამ იგი ძალიან შეცვალა, სიძნელეები გადალახა, საკუთარი თავის იმედი მიეცა და თვითგანვითარებაზე ზრუნვაც დაიწყო.

ქრისტინა მთელ დღეს სენაკში, „ჩვენი სივრცის" შენობაში ატარებს. საწარმოს შენობა ბაღში დგას, სიმწვანეში, გარშემო ხელნაკეთი ნივთებია. ქრისტინაც თავს მშვიდად გრძნობს და ისიც ავიწყდება, თუ უსიამოვნო დილა ჰქონდა. ყოველდღე საწარმოში "ჩვენი სივრცე" ქრისტინა ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობს, ძირითადად თექისგან ამზადებს მათ. საქმიანობა ეხმარება, უფრო დადებითად შეხედოს თავის ცხოვრებას. ქრისტინას მძიმე ბავშვობა მისთვის სასიამოვნო გასახსენებელი არ არის და ამიტომ ამაზე ბევრს არ ლაპარაკობს. ბავშვობაში მხარდაჭერას ვერავისგან იღებდა, რის გამოც ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვა უჭირდა. ამიტომაც დიდ დროს ქუჩაში ატარებდა. ეს კი მის გარშემო არავის მოსწონდა - ქრისტინა ყველასთვის რთული ბავშვი იყო. თვითდაჯერება და მოტივაციაც აკლდა. ახლა ამბობს:

ვერ ვაიძულებდი თავს იმის გაკეთებას, რაც მინდოდა. ჩემი ტვინი მიშლიდა ხელს, მეუბნებოდა: ქრისტინა, ამას ვერ ისწავლი, ვერ გააკეთებ. ასე მეგონა, ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი".

 

 

ქრისტინას ცხოვრება შეიცვალა, როდესაც მეზობელმა უამბო სოციალური საწარმოს შესახებ, რომელიც მის სახლთან ახლოს გაიხსნა. მაინტერესებდა და მოვედი, აქ ყველა კარგად დამხვდა". როდესაც გადამზადებას დაესწრო, კიდევ უფრო მეტი გაიგო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების შესახებ. აქ ისიც შეასწავლეს, როგორ გაეკეთებინა ხელით ნივთები. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, იმიტომ, რომ მანამდე ხელით არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ჩემი მასწავლებელი, მაცაცო, მასწავლიდა ყველაფერს. ახლა უკვე ჩემითაც შემიძლია სწრაფად დავამზადო ნივთები თექისგან". ქრისტინამ ძალიან მალე შეიყვარა თავისი ახალი სამუშაო და მეგობრები. ახლა მისი ყველა ინტერესი და მომავლის გეგმა „ჩვენ სივრცეს" უკავშირდება. როგორც თვითონ აღნიშნავს: აქ მეგობრები შევიძინე, რომლებიც რჩევებს მაძლევენ. უფრო მონდომებული ვარ და მინდა, რომ მომავალში ყველაფერი ვისწავლო, განსაკუთრებით თექისგან ყვავილების და სურათების დამზადება".

 

მას შემდეგ, რაც „ჩვენი სივრცის" ნაწილი გახდა, ქრისტინას თავდაჯერებულობა მოემატა. ყველა ამჩნევს, როგორ გამოსწორდა, უფრო მეტად უვლის თავს და საყურეების გაკეთებაც კი დაიწყო. ქრისტინა ახლა უკვე თავის დას აფრთხილებს, რომ ქუჩაში ტყუილად არ იხეტიალოს. ცხოვრებაში დასაყრდენი გაუჩნდა და ახალი დღის მოსვლას სიხარულით ელოდება.

 

როცა მოსაღამოვდება და სახლში მივდივარ, ვოცნებობ, როდის მოვა დილა, რომ ისევ აქ მოვიდე."

 

 

 

 

პროექტს "საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა" განხორციელებულია ქეას მიერ სამტრედიის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტბში, ქეა ჩეხეთთან ერთად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.