ლაგოდეხის დღის ცენტრი შშმ ბავშვებისთვის - ეკას ისტორია
08/08/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

„თაკო დაუნის სინდრომით დაავადებული გოგონაა, რომელიც ცენტრში მოსვლამდე არავის უნახავს გარეთ გასული. სახლშიც კი, როცა სტუმარი მიდიოდა, ცალკე ოთახში იკეტებოდა. ახლა ის ჩემი დღის ცენტრის „ოფისის მენეჯერია", ყველა გეგმა იცის და მის განხორციელებაშიც ეხმარება თანამშრომელებს. მეტიც, მალე ის 18 -ის გახდება და ცენტრში თანამშრომლად რჩება. ხელფასსაც აიღებს".


ლაგოდეხში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, სადაც ლაგოდეხის და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 6 - 18 წლამდე შშმ ბავშვები დადიან, სწავლობენ  და საზოგადოებაში ინტეგრირდებიან. ცენტრი ეკა გოგაშვილმა გახსნა, 2016 წელს, ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის, ქეა საერთაშორისოსა და ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით.

 

დღის ცენტრის სივრცე ძლიერ და პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდება: კედლები გაფორმებულია ბავშვების ფერადი ნამუშევრებით, მეგობრული ბავშვები კი ყველა სტუმარს სიყვარულით და აღფრთოვანებით ხვდებიან, და ცდილობენ დაანახონ თუ რა ისწავლეს ახალი, რაც თანამშრომელთა დიდი ძალისხმევის შედეგია.

 

2016 წლიდან ეკას იდეა გაუჩნდა ლაგოდეხში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის შეექმნა სერვისი, სადაც ისინი შეძლებდნენ სახლიდან გამოსვლას, სწავლას, თავმოყრასა და მეგობრების გაჩენას. „მიუხედავად იმისა რო შშმ პირების უფლებების გაუმჯობესების მხრივ წინსვლა აღინიშნება, ბევრი გამოწვევა რჩება ამ კუთხით, მითუმეტეს ეს გამოწვევები უფრო მეტია რეგიონებში და სოფლებში. როდესაც ამ პროექტზე ფიქრი დავიწყე, უბრალოდ მოვიძიე ინფორმაცია სტატისტიკურად რა მდგომარეობა იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებულია 1268 შშმ პირი. აქედან  250 იყო 6-18 წლამდე ბავშვი. ეს საკმაოდ დიდ ციფრად მეჩვენა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სახლში არიან და არ არიან აღრიცხულები".


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და მის მიმდებარე სოფლებში შშმ ბავშვების ადაპტაციის დიდი პრობლემაა. ეს კი, პორველ რიგში, საზოგადოებაში არსებული სტიგმიდან მოდის, რომელიც შშმ პირებს და მათ შესაძლებლობებს ეხება. ბევრ მშობელს ბავშვი სკოლაში არ დაყავთ, რადგან ისინი მათ განსხვავებულად თვლიან და არ უნდათ დაცინვის ობიექტები გახდნენ. გარდა ამისა, თავად შენობები არ არის ადაპტირებული შშმ ბავშვებისთვის, ასევე არ არსებობს კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებმაც იციან თუ როგორ მიუდგნენ შშმ ბავშვებს და როგორ შეიტანონ წვლილი მათ განვითარებაში. სწორედ ასეთმა სავალალო ვითარებამ უბიძგა ეკას გაეხსნა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრი, სადაც ხდება შშმ 6-18 წლამდე ბავშვების ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცნოებირების ამაღლება, მათი აკადემიური უნარების კვლევა, შესაბამისად გაძლიერება და შემდეგ მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.

 

დღის ცენტრის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ქეა საერთაშორისო კავკასიაში, და ევროკავშირის მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტს: „ ქეა მართლაც დროულად გამოჩნდა, როდესაც ქეამ ლაგოდეხში დაიწყო პროექტი, ეს ჩემთვის კარგი შანსი იყო. ჩემი შემოტანილი პროექტი პირველ ეტაპზე არ გადავიდა, თუმცა ხელი არ ჩამიქნევია და მეორე ჯერზე დაფინანსდა". ეკამ ლაგოდეხის მერიისგან 2 წლის ვადით უსასყიდლოდ აიღო შენობა და ვადის გასვლის შემდეგ ისევ 2 წლით გადასცემს უსასყიდლოდ. ქეას დაფინანსებით კი, შენობა გაარემონტა და აღჭურვა საჭირო ინვენტარით. ამასთან ერთად, ეკა ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრის ქვეპროგრამაში, რაც მის ორგანიზაციას  ფინანსური კუთხით ძალიან დაეხმარება.

 

ეკასთვის ყველაზე საამაყო ის შედეგებია, რომელსაც ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობით აღწევს: „ყველაზე მეტად რაც მიხარია და რითიც ვამაყობ არის ის რომ, ბავშვები გამოვიყვანეთ სახლიდან და მათი ინტეგრაცია ნამდვილად მოხდა საზოგადოებაში". უამრავი ბავშვია, რომლებმაც უდიდესი ზრდა განიცადეს ცენტრში მოსვლის შემდეგ. ეკა მათ ისტორიებს გვიზიარებს:

 

ნიკა - 9 წლამდე საერთოდ არ საუბრობდა. ახლა კი, გარკვეულ სიტყვებს იძახის და უკვე მშობლებს და ცენტრის თანამშრომლებსაც აგებინებს თუ რა უნდა.

 

ლუკა -  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია. ისიც არ საუბრობდა. დღეს კი, ფსიქოლოგის  მუშაობის შედეგად ესმის, რა უნდა და რა არ უნდა."როცა რაღაცას ვაძლევთ რაც მას უნდა, მოდის და გვკოცნის".


„10 წლის ნანა გვყვავს დაუნის სინდრომით დაავადებული და როცა ის დაგიძახებს ეკა მიყვარხარო, ამაზე ძლიერად ვერავინ გეტყვის ამ სიტყვას. ეს არამარტო ჩემი, არამედ  ჩემი  ყველა თანამშრომლის დამსახურებაა, ვინც ამ ბავშვებთან მუშაობს."


ეკა გვეუბნება, რომ საზოგადოებაში უამრავი სტიგმა და სტერეოტიპი არსებობს შშმ პირებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაიმსხვრეს. „ამ ბავშვებთან ურთიერთობისას ვაკონტროლებ ჩემს ჩაცმულობას, ჩემს ხმისა და საუბრის ინტონაციას, სიტყვებს. ასე არასდროს მიკონტროლებია ეს ყველაფერი. ჩვენ კი არ ვაძლევთ მათ ინფორმაციას, პირიქით ამ ბავშვებისგან ვიღებთ ძალიან ბევრს, ყველაფერ პოზიტივს. არ აქვთ არც ბოროტება, არც შური და არც ანგარება".


ქეას დახმარებით  დღის ცენტრში მეორე პროექტიც გაკეთდა, რომელიც მოიცავდა სამედიცინო რეაბილიტაციას. ბავშვებს ტკივილის სინდრoომები აქვთ და ეს  რეაბილიტაცია-აბილიტაციით უნდა დაძლიონ. სწორედ ქეას პროექტის დახმარებით შეიძინა ეკამ სხვადასხვა სამედიცინო ინვენტარი: ადაპტირებული სარბენი ბილიკი, რომელსაც აქვს თავისი კიბე რითიც უნდა ავიდეს შშმ პირი, დიდი და ადაპტირებული ხელის მოსაკიდებლებით. ველოტრენაჟორი, რომელიც არის მექანიკური და ელექტროც. მრავალფუნქციური ევგოლინა  -სხვადასხვა ფუნქციების   ტრენაჟორი და მორგებულია სხვდასხვა შეზღუდვების მქონე ადამიანებზე. დღის ცენტრს კვალიფიციური კადრები ესაჭიროება. ამ მიზნით პროექტის ფარგლებში ჩამოიყვანეს ძალიან კარგი რეაბილოტოლოგი თბილისიდან და მისი დახმარებით გადაამზადეს ადგილობრივი ფიზიო-თერაპევტები. „სამედიცინო რეაბილიტაციისთვის  გვაქვს ინვენატრი და გვყვავს სპეციალისტები, ოკუპაციურ თერაპიას სჭრიდება სენსორული ინტეგრაცის ოთახი , და ინვენატრი:სპეციალური საქანელები, ხელოვნური მშრალი აუზი, სპეციალური განათებები და ა.შ".


მომავლისთვის ეკას უამრავი გეგმა აქვს იმისთვის, რომ შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია გაუმჯობესდეს. ეკა მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს წევრია. მან საბჭოს შესთავაზა, 18 წლის ზევით შშმ პირებისთვის სოციალური საწარმოების შექმნის იდეა, სადაც ისინი ხელობას შეისწავლიდნენ და ამ საწარმოშივე დასაქმდებოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, საჭიროა მშობლების გადამზადება და ცნობიერების ამაღლება, ვინაიდან ბევრმა არ იცის თუ როგორ უნდა მოიქცეს შშმ ბავშვთან. ამ მიზნით, ლაგოდეხში „პოზიტიური მშობლობის" ტრენინგები გაიმართა, სადაც მშობლებს ასწავლიდნენ, თუ როგორ დაამყარონ შვილებთან ეფექტური კომუნიკაცია. „ საკმაოდ თვალსაჩინო ტრენინგია, რომელსაც შემდეგ ვბეჭდავთ და მშობლებს ვაძლევთ, რათა იცოდნენ, რა უნდა უთხრან ან არ უთხრან შვილებს და როგორ უნდა მიმართონ, როცა ცუდად ან კარგად იქცევიან"-ამბობს ეკა.


დღის ცენტრი იდეალური მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს განვითარების და რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეს. ლაგოდეხისა და მისი მიმდებარე სოფლებისთვის ცენტრის არსებობა მნიშვნელოვანი და დადებითი სოციალური ცვლილება აღმოჩნდა, რომელიც უამრავი ადამიანის, განსაკუთრებით კი შშ ბავშვების, და მათი მშობლების ცხოვრების წესს აუმჯობესებს და მათ მომავალს უკეთესობისკენ ცვლის.