ბატატის წარმოება - შოთას ისტორია
08/08/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

„ჩემს მიერ წარმოებული ბატატი იმპორტირებულთან შედარებით ბევრად ნაკლებ ფასად იყიდება. ფასი სპეციალურად დავწიე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, არამარტო სოფლებში, არამედ ქალაქებში მცხოვრებლებისთვისაც. ჩემთვის მაინც მოაქვს მოგება“.


ბატატის წარმოება პროფესიით ბიოლოგმა, 81 წლის შოთა ერიაშვილმა 2017 წელს დაიწყო საქართველოში. 25 წლის განმავლობაში კივის ნერგები გამოჰყავდა, 2 წლის წინ კი ინტერნეტით გაეცნო ერთ-ერთ კულტურას, რომელიც საქართველოში ჯერ არ მოჰყავდათ და მხოლოდ იმპორტირებული სახით არსებობდა. ეს არის ძალიან სასარგებლო და მდიდარი პროდუქტი - ტკბილი კარტოფილი ანუ, ბატატი.


„ყველგან მოჰყავთ ბატატი - უკრაინაში, ჩინეთში, ამერიკაში და სხვა ბევრ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, საქართველოში რატომ ვერ უნდა მოვიყვანო ეს კულტურა.“ შოთასთვის, თავდაპირველად ძალიან რთული იყო ტკბილი კარტოფილის წარმოების დაწყება, ვინაიდან არ ჰქონდა ამის პირობები, კერძოდ კი სათბური. მან ნერგები ინტერნეტის საშუალებით შეიძინა, თუმცა  გარკვეულ სირთულეებს წააწყდა: „ იანვრის თვე იყო, უკრაინიდან კი ვერ აგზავნიდნენ ნერგებს. შემდეგ, როგორც იქნა, მეგობრისგან გავიგე იქ მყოფი აჭარლების შესახებ, რომლებიც მანდარინს ყიდდნენ უკრაინაში, დავუკავშირდი მათ და დახმარება ვთხოვე“. ტელეფონით საუბრისას, შოთას დაავიწყდა გაეფრთხილებინა, რომ ფურაში ჩადების შემთხვევაში ნერგები გაიყინებოდა და ასეც მოხდა - 50 ნერგიდან მხოლოდ 11 გადაურჩა ყინვას.


ზოგადად, ბატატის მოყვანას თბილი ტემპერატურა სჭირდება, 10 გრადუსზე ქვემოთ უკვე იყინება. იქიდან გამომდინარე, რომ სათბური არ ჰქონდა, გადაწყვიტა თავისი საძინებელი ოთახი და სამზარეულო დაეთმო წარმოებისთვის. ამ უკანასკნელში გათბობა არ ჰქონდა და ოთახს გაზის ქურით ათბობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 2 ტონაზე მეტი გაუფუჭდა.


„ბატატს ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია. მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვილი ბავშვებისთვის და გარკვეულ სამკურნალო თვისებებსაც ატარებს. რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულებისთვისაც“.


შოთას თავისი იდეის განხორციელებაში ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტი დაეხმარა, რომელსაც ქეა ახორციელებს ლაგოდეხში. ევროკავშირის ENPARD პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები თითქმის ყოველთვის ლაგოდეხის ნაკრძალში ტარდება. შოთა კი, როგორც ნაკრძალის ყოფილი თანამშრომელი - აქ ყველას იცნობს. სწორედ ამიტომ, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება რთული არ ყოფილა მისთვის. მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ქეას მიერ ჩატარებულ ტრენინგებსაც დაესწრო, თუმცა პირველ ეტაპზე ფინანსები კარგად ვერ გათვალა და დაფინანსება ვერ მიიღო. მეორე ეტაპისთვის დახვეწა ბიზნეს გეგმა და პროექტით გათვალისწინებული გრანტიც მიიღო  სათბურის კონსტრუქციისთვის. ვინაიდან შრომატევადი საქმეა, შოთას დამხმარეები სჭირდება. ამიტომ, საშუალოდ 13-14 ადამიანს დაასაქმებს. „ წინა წელს 12-14 კაცი ვამუშავე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ნაკლები მოსავალი მქონდა ვიდრე ეხლა ველოდები“.


 ამ საქმის წამოსაწყებად დიდი შრომა ჩადო, თუმცა იცოდა, რომ დიდი გამოხმაურებაც მოჰყვებოდა მას. საქართველოში მართლაც, რომ ინოვაციური პროექტია - შოთა პირველი ადამიანია, რომელმაც საქართველოში ბატატის წარმოება დაიწყო. ადგილობრივი პროდუქციის გარდა, მისი ბატატის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფასია, რომელიც იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით ბევრად ნაკლებია. გარდა ამისა, შოთა თვლის, რომ ის მაღაზიები, რომლებიც ბატატს მისგან ჩაიბარებენ, საზღვარგარეთიდან აღარ შემოიტანენ.


 

„ ყველამ გასინჯა ჩემი პროდუქტი, რომელიც 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, ყოველგვარი ნიტრატების, ქიმიის და წამლის გარეშე. გარდა ამისა, ქალაქის მაცხოვრებლებიდან, ზოგს პურის ფური არ აქვს, შესაბამისად ბატატსაც ვერ გაწვდებიან. ჩემი პროდუქტი იმპორტირებულის ფასთან შედარებით ნახევრად გაიყიდება. ამას ხალხისთვის ვაკეთებ, რომ ყველას ჰქონდეს ბატატის შეძენის საშუალება“.