ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისკენ მიმავალ გზაზე, ბევრ საოჯახო სასტუმროს შორის, შეხვდებით „კივის სახლს". ბოლო წლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სულ უფრო მეტად ვითარდება, ტურისტების რაოდენობაც იზრდება, საოჯახო სასტუმროების მფლობელები ცდილობენ მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ. მარინამ, „კივის სახლის" მეპატრონემ ბევრი იშრომა თავისი მცირე ბიზნესის გასავითარებლად. საბოლოოდ კი, ამ წელს, მისი გეგმები განხორციელდა ევროკავშირისგან მიღებული მხარდაჭერის საშუალებით სოფლის განვითარების პროექტში, რომელსაც ქეა ლაგოდეხში ახორციელებს. ახლა, მარინა ლაგოდეხში აქტიური ქალებისთვის წარმატების მაგალითია.
მარინა წარმატებული ქალი მეწარმეა ლაგოდეხში. თავის ქალიშვილთან ერთად, მცირე საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელობს და ცდილობს კომფორტული გარემო შეუქმნას თავის სტუმრებს. ეს ფაქტი, და სასტუმროს სიახლოვე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალთან, სასტუმროს დამსვენებლებისთვის მიმზიდველს ხდის. „კივის სახლი" რამდენიმე ტურისტულ ვებ-გვერდზე არის დარეგისტრირებული და წარმატებითაც.
ამ წარმატებისკენ მარინამ რთული გზა გაიარა. ყველაფერი 2007 წელს დაიწყო, ორი პატარა ოთახის აშენებით. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მარინა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებების მქონე პირის სტატუსი აქვს, ორ ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. მხოლოდ მცირე თანხა გააჩნდა. მაშინ გადაწყვიტა, რომ უნდა გაერისკა და რაიმე საქმე წამოეწყო. "როდესაც ქმარი გარდამეცვალა, პირველი ორი წელი ძალიან ცუდად ვიყავი. შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა ჩემი შვილებისთვის. ჩემს სახლში ორი ოთახი გავარემონტე ტურისტებისთვის. მაშინ ეს სარისკო იყო, რადგან ბევრი ტურისტი არ ჩამოდიოდა. ახლა, როგორც ხედავთ, რაოდენობა გაზრდილია."
სასტუმროს განვითარებასთან ერთად, ტურისტების რაოდენობა და მათი მოთხოვნილებებიც გაიზარდა. მარინამაც დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაეხადა თავისი სასტუმრო უფრო მოსახერხებელი სტუმრებისთვის, და რა თმქ უნდა, შემოსავალიც გაეზარდა. ამისთვის ახალი, იზოლირებული ოთახების აშენება წამოიწყო და დაამთავრა, თუმცა მათ კეთილმოწყობისთვის რესურსები აღარ გააჩნდა-აკლდა შესაფერისი ავეჯი, კონდიციონერები, ტელევიზორი, საწოლი.
სწორედ ამ დროს მარინამ მეგობრისგან შეიტყო ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსის შესახებ. როგორც გვეუბნება, პირველად არ დაიჯერა: „ცოტას ვყოყმანობდი, მაგრამ ვცადე. მითხრეს, რომ საბაზისო ბიზნესი უნდა მქონოდა, რაც მქონდა კიდეც. დავწერე პროექტი და დამაფინანსეს".
თავის ქალიშვილთან ერთად, ტრენინგებსაც დაესწრო, რომ ბიზნეს გეგმა დაეწერა. პროცესს ასე იხსნებს: „5 დღე ვსწავლობდით ბიუჯეტირებას და განაცხადის წერას. იმდენად საინტერესო იყო, რომ მე და ჩემი შვილი ვფიქრობდით, რომ არ მოგვეგო, ეს მაინც კარგი გამოცდილება იქნებოდა ჩვენთვის. ამან დიდი სტიმული მომცა".
შედეგად, ევროკავშირისა და ქეას მხარდაჭერის შედეგად, მარინამ ახალი ავეჯი მიიღო თავისი სასტუმროსთვის, რაც მას ასე სჭირდებოდა: სასადილო მაგიდები და სკამები, ერთგვაროვანი ჭურჭელი, ტელევიზორები, კონდიციონერები, საძინებლის მოწყობილობა. ახლა მისი ოთახები სტანდარტებს აკმაყოფილებს და კეთილმოწყობილია მომავალ სეზონზე ტურისტების დასახვედრად. ეს მარინას ბიზნესს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და შემოსავალის გაზრდაშისც დაეხმარება.
ისიც უნდა ვთქვათ, რომ მარინას ბიზნესის განვითარება მხოლოდ მისი წარმატება არ არის. ამით ბევრი სარგებლობს მისი თემში და მუნიციპალიტეტში. მარინა ფიქრობს, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად ლაგოდეხის განვითარებას ემსახურება. „აქ მხოლოდ მე არ ვარ. რამდენიმე ადამიანს მუდმივად ვასაქმებ: სამზარეულოში, ბაღში, მძღოლს. ამიტომ, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს დახმარებას და გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილებიც გაიზრდება". მარინა ახლა ხილის ბაღის გაშენებას და კაფის დადგმას გეგმავს, რაც აქ დასაქმებული ადამიანების რაოდენობას გაზრდის.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარინა ახლა გრძნობს, რომ მისი საქმიანობა ლაგოდეხში მცხოვრები ქალებისთვის სტიმულია: „ვგრძნობ, რომ მაგალითი გავხდი სხვებისთვის. მეკითხებიან პროექტის შესახებ, ჩემი საქმიანობის შესახებ. ყველას ვურჩევ, მიჰყვნენ თავიანთ მოწოდებას, იყვნენ აქტიურები და ყველაფერი გამოუვათ".