პირადი მაგალითით ქალების გაძლიერებისთვის - ანა ხატიაშვილის წარმატების ისტორია
18/10/2019 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

 

ანა ხატიაშვილი აქტიური და ძლიერი ქალია ლაგოდეხის სოფელ შრომიდან. ანა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დედაა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი უმუშევარი იყო და წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ უნდა დასაქმებულიყო, ვინაიდან მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო. ამასთან ერთად, სოფელ შრომაში არ არსებობდა ისეთი ცენტრები, რომლებიც მოსახლეობას განათლებასა და დასაქმების საშუალებას მისცემდნენ. დროთა განმავლობაში, ანას სურვილი გაუჩნდა, რომ ეს პრობლემა გამოესწორებინა. პირველ რიგში, საკუთარ შვილზე ფიქრობდა - არ უნდოდა მასაც 12 წელი დაეკარგა სახლში უიმედოდ ჯდომით. პირადი მაგალითი საკმარისი აღმოჩნდა ანასთვის, რომ ინიციატივა წამოეწყო ქალთა გაძლიერებისა და გააქტიურების მიზნით. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა სახელობო კურსების ცენტრი გაეხსნა, ინიციატივით „ძლიერი ქალი".

 

„ვცდილობდი გამომეღვიძებინა და გამეაქტიურებინა მოსახლეობა, მეტი თავდაჯერებულობისთვის. მინდოდა დამენახებინა ქალისთვის, რომ შეუძლებელი არაფერია და ერთდროულად, მუშაობა და ოჯახზე ზრუნვა პრობლემას არ წარმოადგენს".


ანას საკუთარი ინიციატივის განხორციელებაში ევროკავშირის ENPARD პროექტი დაეხმარა, რომელსაც ქეა ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში, ქეას მიერ ჩატარებული ტრენინგები მისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა და დიდი გამოცდილებაც მიიღო პროექტის წერაში. პროექტით გათვალისწინებული გრანტით კი, ანამ ინფრასტრუქტურა შეიძინა ცენტრისთვის, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ქეას ინიციატივის ფარგლებში ცენტრში სამკერვალო და სახელობო კურსები ჩატარდა ადგილობრივი ქალებისთვის, რომელთაც მიეცათ საშუალება გამოსულიყვნენ სახლიდან, შეესწავლათ საქმე. ამასთან, კურსების საშუალებით შეიქმნა საერთო სივრცე, სადაც ქალები ერთმანეთს დაუკავშირდნენ. ცენტრი ადაპტირებულია შშმ პირებზეც, ვინაიდან ანა მათ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებასაც უწყობს ხელს.

 

მსგავსი სერვისის არსებობა ლაგოდეხში მნიშვნელოვანია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებია გენდერული თანსწორობის და ქალების გააქტიურების კუთხით. არსებობს სტერეპოტიპები, რაც ქალებს მათი შესაძლებლობების რეალიზებაში უშლის ხელს. მსგავს პრობლემებს ანა ყოველდღიურობაში ხშირად აწყდება. „ბევრ ქალს აქვს სურვილი კურსების გავლის, თუმცა ხშირად ოჯახისგან აწყდება წინააღმდეგობას". ამიტომ, ანა ცდილობს არამარტო ქალები, არამედ მამაკაცებიც დააინტერესოს თავისი საქმიანობით და მათაც ხშირად ეპატიჟება ღონისძიებებზე.

 

ანა გაჩერებას არ აპირებს. ახლა მას საკმარისი გამოცდილება აქვს, არის ძლიერი, მოტივირებული და აქტიური მაცხოვრებელი და მზად არის შრომის სხვა ქალებსაც შეუწყოს ხელი გაძლიერებაში.მისი დახმარებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია დაეუფლოს სამკერვალო და საკომუნიკაციო კურსებს. ცენტრში მოწვეული ჰყავს კვალიფიციური მკერავიც, რომელიც ქალებს ასწავლის სახელობო საქმიანობას.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანა ხელს უწყობს ცენტრში მოსულ ქალებს დასაქმდნენ და განვითარდნენ. უფრო მეტიც, ანამ უკვე დაასაქმა ერთი ადგილობრივი ქალი და ძალიან ბედნიერი იქნება სხვასაც თუ მისცემს დასაქმების საშუალებას. გარდა ამისა, ანა საჭირო ხალხს იცნობს და შეუძლია რეკლამირება გაუკეთოს ქალების სოციალურ ნაწარმს და დააკავშიროს ისინი სხვადასხვა ადამიანებთან. ამასთან ერთად, ცენტრში ანას შვილიც დადის და სწავლობს სახელობო საქმიანობას, რომელიც ძალიან ეხმარება განვითარებაში და სამომავლოდ დასაქმებაში.

 

ინიციატივით „ძლიერი ქალი" ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილება განხორციელდა ლაგოდეხის სოფელ შრომაში. ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ინტერესი აქვს დაეუფლოს სახელობო საქმიანობას, რაც ყველაზე მეტად ქალების გააქტიურებას უწყობს ხელს. მეტიც, ანას ცენტრში უკვე გამოცდილი ქალებიც დადიან გადამზადების სურვილით. როგორც ანა აღნიშნავს, შრომაში მცხოვრები ახალგაზრდებიც გააქტიურდნენ და ცდილობენ სხვადასხვა სერვისის გახსნაში მიიღონ მონაწილეობა. მომავალში ანას დიდი გეგმები და ძალიან კარგი მოლოდინები აქვს. „ქალები მეტად გააქტიურებულები არიან და თავდაჯერებულებიც. მიხარია, რომ მათ დასაქმებაში და გაძლიერაბაში მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის".