ფატი მაჩალიკაშვილი ლტოლვილია ჩეჩნეთიდან. მრავალშვილიანი დედა საქართველოში უკვე ოც წელზე მეტია ცხოვრობს. ფატი ძლიერი ქალია, ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს და უკეთესი მომავლის იმედს არასდროს კარგავს. უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ფატი პოზიტიურად უყურებს ცხოვრებას და სახეზე ოდნავი ღიმილით იხსენებს წარსულს. ჩეჩნეთის პირველ ომს მისი პირველი შვილი შეეწირა. მეორე ომის დროს კი საქართველოში, ლტოლვილის სტატუსით დაბრუნდა და ამჟამად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ცხოვრობს მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად.
საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. „ძალიან რთულია ყველაფრის მიტოვება და უცხო გარემოში ცხოვრების თავიდან დაწყება, თავი უცხო მეგონა, ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს და ადგილს ვერ ვიმკვიდრებდი". საქართველოში ჩამოსვლისას, როგორც ლტოლვილს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ადგილის დახმარება არ მიუღია, ვერც სამსახურს შოულობდა და მოუწია მეუღლის ახლობლებთან ცხოვრება. „მიჭირდა, თუმცა ვიცოდი რომ ეს ყველაფერი უნდა გადამელახა, სხვა გზა არ მქონდა. შვილების კეთილდღეობისთვის ძალა მოვიკრიბე და თანდათან გადავლახე ბარიერები". ფატიმ თავისი ძალისხმევით შეძლო თავის დამკვიდრება და გაუცხოების პრობლემაც დაძლია, თუმცა ფატისთვის და მისი შვილებისთვის დღესაც განსაკუთებულ პრობლემას წარმოადგენს მოქალაქეობის არმქონის სტატუსი.
ყველაფერთად ერთად, იოლი არ აღმოჩნდა ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაც, რადგან ფატიც და მისი მეუღლეც უმუშევრები იყვნენ. სწორედ ამიტომ, ფატიმ თავის პატარა ეზოში მარწყვის მოყვანა და გაყიდვა დაიწყო. მას შემდეგ რაც ცოტა სარგებელი ნახა, საქმის გაგრძელება გადაწყვიტა. წარმოების გაფართოების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიიღო მონაწილეობა. პროექტის დახმარებით, ფატიმ ახალი განსაკუთრებული ჯიშის მარწყვი გააშენა, რომელიც გამოირჩევა თავისი არომატით, გემოთი და ვიზუალით და საკმაოდ პოპულარულია ადგილობრივ ბაზარზე. თანდათანობით, ფატიმ ბარიერები გადალახა და მისი ცხოვრება ახლა უფრო სტაბილურია. მომავალში, საქმიანობის გაფართოვების მიზნით, ჟოლოსა და უეკლო მაყვლის წარმოებასაც აპირებს, მის მეუღლეს კი სათბურის გაკეთება სურს. კოვიდ19-ის გავრცელებამ ფატის გეგმის განხორციელებაში დროებით ხელი შეუშალა.
ფატი გვიყვება, რომ არსებულმა პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრებაზე. „საგანგებო მდგომარეობის დროს, გაიზარდა ქალების შრომა, ამასთან ვერ ახდენდნენ პროდუქციის რეალიზებას, სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქისთვის ცენტრში გვიწევდა წასვლა ფეხით, საკმაოდ შორ მანძილზე". ყველაფრის მიუხედავად, ვირუსის გავრცელებამ ნაკლები ფინანსური ზიანი მიაყენა თავად ფატის. მართალია ადგილობრივ ბაზარზე ვერ გაჰქონდა მარწყვი, თუმცა მაინც მოახერხა პროდუქტი მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებთან გაეყიდა. შეზღუდვების მოხსნის შემდგომ სიტუაცია გაუმჯობესდა სოფელში. ქალებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ტრანსპორტით და ადგილობრივ ბაზარზეც გაიტანონ პროდუქტები. ახლა უკვე ფატიც უფრო იმედიანად უყურებს მომავალს და სურს შემდეგში კვლავ გააფართოვოს წარმოება და მეტად დაეხმაროს ოჯახს.
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).