სოფელში მცხოვრები ქალები ოჯახისა და თემის კეთილდღეობისთვის - ხანიფას ისტორია
30/11/2020 0 ნახვა

 

 

 

 

 

ხანიფა აფანდიევა, მეწარმე ქალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულდარა.

 

 

ყოველთვის მქონდა ამბიცია, განვვითარებულიყავი და წარმატებისთვის მიმეღწია, რათა შემდეგ ჩემს თემს დავხმარებოდი. თავდაპირველად, შიში იმისა რომ ვერ მივაღწევდი დასახულ მიზნებს, ძალიან მაბრკოლებდა გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა ჩემი მეუღლე და ოჯახი გვერდით დამიდგა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა, აქტიურად ვზრუნავ ოჯახის და თემის კეთილდღეობაზე და ვცდილობ ჩავერთო სხვადასხვა აქტივობებში.

 

 

ხულდარასა და მარნეულის სხვა სოფლებში ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რომელთა დიდმა ნაწილმა ქართული ენა არ იცის, რის გამოც ეზღუდებათ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, ბანკი და სხვა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ქართული ენა მესწავლებინა ქალებისთვის და მათი განვითარებისთვის შემეწყო ხელი. ამასთანავე, სოფელ ხულდარას სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი ქართველი ქალია. სწორედ მისი და ჩემი ინიციატივით, ადგილობრივ ქალებს ქართული ენის უფასო გაკვეთილები უტარდებათ.  მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ , ყოველთვის ვცდილობ დრო დავუთმო სხვა ქალებს და დავეხმარო, გახდნენ უფრო ძლიერები, მარტივად გადალახონ ბარიერები.

 

 

2019 წლის ივნისის თვეში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მივიღე მონაწილეობა და მარნეულის ორი სოფლის: ხულდარასა და მოლაოღლის სათემო მუშაკი გავხდი. ამასთანავე, მონაწილეობა მივიღე პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და მეზობელ ქალებთან ერთად საცხობი გავხსენი, სადაც აზერბაიჯანულ ლავაშს ვაცხობთ და ვყიდით ხულდარასა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებში. ბიზნესის მართვა არც ისე რთული აღმოჩნდა ჩვენთვის, ვინაიდან ამ სფეროში გამოცდილები ვიყავით და კარგად გავთვალეთ შესაძლო რისკები. შედეგად, საცხობის ბიზნესმა წარმატება მოგვიტანა და ორი ადგილობრივი ქალის დასაქმებაც შევძელით. შეკვეთებსაც დიდი რაოდენობით ვიღებთ და მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან ჩვენი მომსახურებით.

 

 

პროექტმა საგრძნობლად შეცვალა ჩემი და მარნეულის სოფლებში მცხოვრები ქალების ცხოვრება. პროექტში მონაწილეობამდე ჩემი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი ოჯახის და მეუღლის მიერ ხელშეწყობა იყო, თუმცა ახლა ბედნიერი ვარ რომ მეც შევძელი და სხვების ცხოვრებაში შევიტანე პოზიტიური ცვლილებები. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტმა დიდი მოტივაცია მომცა და კარგი შესაძლებლობა, რომ სოფელში მცხოვრებ ქალებს დავეხმარო განვითარებაში.

 

 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალის როლი ოჯახში და თემში. ვფიქრობ ქალი დამოუკიდებელი უნდა იყოს და თავისი შემოსავლის წყარო ჰქონდეს. აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული ქალი ოჯახისა და თემის სიძლიერეს განაპირობებს. მარნეულის სოფლებში მცხოვრებ ქალებს ყოველთვის სურდათ თავიანთი  შემოსავალი ჰქონოდათ და აქტიურები ყოფილიყვნენ, თუმცა ოჯახიდან გამომდინარე ამის საშუალება არასდროს ჰქონდათ, თავიანთი სოფლების გარეთაც კი იშვიათად, ან საერთოდ არ გადიოდნენ. ვინაიდან კაცები ვერ ხვდებოდნენ, როგორი კარგი შედეგი შეიძლება ჰქონოდა ამ პროექტს, ქალებს არ აძლევდნენ მასში ჩართვის საშუალებას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე და მეუღლის დახმარებით შევძელი თემის დარწმუნება. ახლა, საგრძობლად შეიცვალა მდგომარეობა: ქალები გააქტიურდნენ, განვითარდნენ, შეიძინეს ცოდნა და გამოცდილება, დაიწყეს ბიზნესის წარმოება და აქვთ საკუთარი შემოსავალი. საზოგადოების, განსაკუთრებით კაცების შეხედულებები ქალთა გაძლიერების კუთხით საოცრად შეიცვალა. ისინი მზად არიან, გვერდით დაუდგნენ ქალებს და დაეხმარონ განვითარებაში. მეტიც, მათაც მოუნდათ ქართული ენის სწავლა და პროექტში ჩართვაც. ეს ცვლილებები კი ძალიან მაბედნიერებს. თუმცა ვიცი, რომ ამ კუთხით სამუშაო კიდევ ბევრია.

 

 

მომავალში მე და ჩემს პარტნიორ ქალებს განვითარება გვსურს და მარნეულის სხვადასხვა რესტორნებსა და მაღაზიებთან თანამშრომლობა. ბიზნესის გაფართოვებასთან ერთად, კვლავ ვაპირებთ 2-3 ადგილობრივი ქალის დასაქმებას.

 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).