სოფელში მცხოვრები ქალები ოჯახის კეთილდღეობისთვის - ნანას ისტორია.
08/01/2021 0 ნახვა

 

 

 

 


ნანა ხელაძე, მეწარმე ქალი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირი.

 

"უკვე 4 წელია რაც გავთხოვდი და თბილისიდან სვირში გადავედი საცხოვრებლად. იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში აქტიურად ვმუშაობდი ცხობის სფეროში, გადავწყვიტე სოფელშიც გამეგრძელებინა ეს საქმიანობა და საკუთარი საცხობი გამეხსნა. მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ქალების უმეტესობა სოფლის მეურნეობას მისდევს და ოჯახისთვის პურის გამოცხობის დრო არ აქვთ. დასახლებაში მხოლოდ ერთი სასურსათო მაღაზია ფუნქციონირებს, თუმცა მის მეპატრონეს თავად ჩამოაქვს რამდენიმე დღის პურის მარაგი ქალაქიდან. როდესაც პურის საჭიროება დავინახე სოფელში, მალევე გადავწყვიტე „აწარმოე საქართველოში" შემეტანა განაცხადი და პურის საცხობი გამეხსნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ, საკუთარი საქმიანობის განვითარებაზე ყოველთვის ვფიქრობ. ჩემს გამომცხვარ პურზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდებოდა, და ბიზნესის განვითარებაზე დავიწყე ზრუნვა. ვინაიდან ცომსაზელი  გამიფუჭდა, ხელით მიწევდა მუშაობა, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მივიღე მონაწილეობა და ცომსაზელი აპარატი შევიძინე, რომლის დახმარებითაც შრომა გამიმარტივდა, ჩემს ოჯახსაც მეტ დროს ვუთმობ და ამასთანავე უფრო ხარისხიან პურსაც ვთავაზობ მომხმარებლებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის კმაყოფილება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ შევთავაზო ახალი, გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტი. ამ ეტაპზე, სამი სოფლის მაცხოვრებლებს ვამარაგებ ჩემი პურით.

 

სოფელში მცხოვრები ქალები ნაკლებად აქტიურები არიან ვიდრე ქალაქში, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ დავანახო მათ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალის ჩართულობა სხვადასხვა საქმიანობებში. თავდაპირველად, როდესაც „აწარმოე საქართველოში" შევიტანე განაცხადი უარყოფითად იყვნენ განწყობილები, თუმცა როცა ნამდვილად მივიღე დაფინანსება, იმედი გაუჩნდათ. ძალიან მინდოდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მიეღოთ მონაწილეობა და გააქტიურებულიყვნენ. საბოლოოდ, როდესაც დაფინანსება მიიღეს და საკუთარი მცირე ბიზნესები წამოიწყეს, შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან და ახლა, სხვა სოფლის ქალებიც დაინტერესდნენ მსგავსი პროექტებით.

 

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს თემში მცხოვრები ქალების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა, მეტად თავდაჯერებულები გახდნენ, მოტივირებულები, გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც იღებენ მონაწილეობას და მომავალსაც იმედიანად უყურებენ.

 

მომავალში კვლავ ვაპირებ საცხობის ბიზნესის განვითარებას. ქვეყანაში შექმნილი კოვიდ სიტუაციის გათვალისწინებით, მინდა დისტრიბუციის სერვისი დავამატო ჩემს საქმიანობას. მიხარია, რომ არსებობს ისეთი პროექტები, რომლებიც სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებას უწყობენ ხელს".

 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE).