სოფლად მცხოვრები ქალები ოჯახისა და თემის კეთილდღეობისთვის - ნაირას ისტორია
18/01/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

ნაირა ბოლქვაძე, მეწარმე ქალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარადისი.

 

„უკვე 25 წელია მარადისში ვცხოვრობ, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში. თავდაპირველად ძალიან გაგვიჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტირება, მახსოვს როგორ ვცხოვრობდით მე და ჩემი მეუღლე მატარებლის პატარა ვაგონში და უკეთეს მომავალზე ვოცნებობდით. მთავარი, რაც გვაძლიერებდა მოსახლეობას, ერთმანეთის თანადგომა და იმედი იყო. ერთიანი ძალებით, თანდათან მიწის ათვისება დავიწყეთ და მისი სასარგებლოდ გამოყენება. დღესდღეობით, ქოხებისა და ვაგონების ნაცვლად, სახლებში ვცხოვრობთ და აქტიურად მივსდევთ სოფლის მეურნეობას და მეცხოველეობას.

 

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მიზნების მიღწევაში და საქმიანობის განვითარებაში. პროექტის ფარგლებში, მარადისის სათემო მუშაკი გავხდი და მაქსიმალურად ვეხმარები ქალებს თავიანთი პოტენციალის რეალიზებაში. ბევრი საინტერესო ტრენინგი გვიტარდება სხვადასხვა თემაზე, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, ყველა ტრენინგი დისტანციურად მიმდინარეობს. ამისთვის შესაბამისი აღჭურვილობა გვჭირდება, რომლის საშუალებაც სამწუხაროდ ყველას არ აქვს. ძალიან მინდა, ჩემი ჯგუფის ქალებმა რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება შეიძინონ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ შევუწყო ხელი დაესწრნონ თითოეულ ტრენინგს, გახდნენ მეტად ინფორმირებულები და მოტივირებულები. ამასთან, ამავე პროექტის ფარგლებში, საგრანტო კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და დამატებით სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულის ნერგები შევიძინე ბიზნესის განვითარებისთვის. ჩემი პროდუქცია ძირითადად მოიცავს ბროკოლს, სალათის ფურცლების თითქმის ყველა სახეობას, ყვავილოვან კომბოსტოს, ყაბაყს და ა.შ. პროდუქციის რეალიზაციაში ჩემი მეუღლე მეხმარება, რომელიც მოსავალს თბილისის ბაზრებსა და მაღაზიებში ყიდის. თუ ადრე შემოსავალი სეზონურად მქონდა, ახლა წელიწადის ყველა დროს მაქვს პროდუქციის რეალიზების საშუალება. ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება. სათბურისთვის აღებული კრედიტის ნაწილი უკვე დავფარე და პირველი მოგებით ხელის ტრაქტორიც შევიძინე. ამასთან, მუშაობის პროცესში რამდენიმე ადგილობრივ ქალსაც ვასაქმებ.

 

მომავალში, კვლავ ვგეგმავ საქმიანობის განვითარებას. კორონავირუსის, ბაზარზე ფასების დაცემის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის მაცივრის შეძენა მინდა სხვადასხვა საგრანტო კონკურსების დახმარებით, რომელიც საშუალებას მომცემს ჩემი პროდუქცია გავყინო და მომგებიან პერიოდში გავყიდო. გარდა ამისა, ვინაიდან ძირითადად სასათბურე მეურნეობას მივსდევ, ჩემთვის მნიშვნელოვანია სათბურის ხარისხიანად მოწყობა. ძლიერმა ქარმა ერთხელ უკვე გამინადგურა სათბურის ცელოფნები. სწორედ ამიტომ, წარმოების გაფართოვებასთან ერთად, ცელოფნების დამატებაც მესაჭიროება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება.

 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩვენი სოფლის ქალთა განვითარებაზე, ბევრი რამ ვისწავლეთ,  მეტად მოტივირებულები და თავდაჯერებულები გავხდით, გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას. აქამდე, სოფლის პრობლემებზე ვსაუბრობდით, მაგრამ მათი მოგვარებისთვის ვერაფერს ვაკეთებდით. ახლა კი, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, ერთობლივად განვიხილავთ მას და შემდეგ მოქმედებას ვიწყებთ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ძალიან ვამაყობ ჩემი სოფლის ქალებით და ბედნიერი ვარ, რომ პროექტის დახმარებით მეტად გავაქტიურდით, გავძლიერდით და ჩვენი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მოგვეცა".

 

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE).