ლიოლია რაისიანი, სათემო მუშაკი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.
„ადრეულ ასაკში გავთხოვდი და შვილი შემეძინა, მაგრამ ჩემს სურვილებზე უარი არ მითქვამს და პარალელურად ვსწავლობდი, რომ მომავალში დამოუკიდებელი და წარმატებული ქალი ვყოფილიყავი. ძალიან მოტივირებული და მიზანდასახული ვარ და ვფიქრობ, გამოწვევები განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად მეხმარება. სწავლასთან და შვილზე ზრუნვასთან ერთად, მუშაობაც დავიწყე. ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემთვის, გადატვირთული ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახის მხარდაჭერით ყველაფერს ვახერხებდი - სახლის საქმეებს, ბავშვზე ზრუნვას, სწავლას და მუშაობასაც.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, რომელთა უმეტესობამ ქართული ენა არ იცის. დედამთილის დამსახურებით კარგად შევისწავლე ქართული ენა, რაც ძალიან მეხმარება ჩემი შესაძლებლობების რეალიზებაში. ყოველთვის მინდოდა სხვა ქალებსაც დავხმარებოდი განვითარებაში, ამიტომ ისეთ საქმიანობაში ჩავერთე, რომელიც თემის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. სწორედ ამ მიზნით, მივიღე მონაწილეობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში და ახალქალაქის ორი სოფლის, ვაჩიანისა და კარტიკამის სათემო მუშაკი გავხდი. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდი მხარი დამეჭირა პროექტის მონაწილე ქალებისთვის. ვინაიდან ქართული ენა არ იციან, ბევრ მნიშვნელოვან საკითხებში დავეხმარე, მათ შორის საგრანტო კონკურსისთვის განაცხადის შევსებაშიც. გარდა ამისა, არა მარტო პროექტის მონაწილე ქალებს, არამედ სხვა ადგილობრივებსაც ვეხმარები სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში.
მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ერთადერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ჩემთვის. : ქალი უნდა იყოს სახლში, ქალი არ უნდა მუშაობდეს, ქალი მანქანას არ უნდა ატარებდეს და ა.შ. თუ ქალი ადრეულ ასაკში გათხოვდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ სახლში უნდა დაჯდეს. როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ძალიან დიდი ძალისხმება დამჭირდა რომ მოტივაცია მიმეცა ქალებისთვის, მონაწილეობა მიეღოთ და გაძლიერებულიყვნენ. ჩემთვის უპირველესია, რომ ქალმა იმუშაოს და იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ, ვცდილობ ყველას დავანახო სწორი გზა, რათა გამოიყენონ შესაძლებლობები და განვითარდნენ.
ახლა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და პროექტის დახმარებით ჩემი თემების ქალები დაფინანსდნენ და მცირე ბიზნესები წამოიწყეს. ქალების წარმატება ახალქალაქის სხვა მაცხოვრებლებისთვისაც სამაგალითო აღმოჩნდა. საზოგადოების სტერეოტიპული შეხედულებებიც ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებით ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება".
პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE).