სოფლად მცხოვრები ქალები ოჯახის გაძლიერებისთვის - ნაირას ისტორია
01/02/2021 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ნაირა ჭკადუა, მეწარმე ქალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ხაიში.

 

„უკვე 28 წელია, რაც ოჯახთან ერთად ხაიშში ვცხოვრობ, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში, სადაც სოფლის მეურნეობასა და მესაქონლეობას მივსდევ. ამ ეტაპზე 10 ძროხა მყავს და ჩემი ძირითადი საქმიანობა რძის პროდუქტების, კერძოდ კი სულგუნის წარმოება-რეალიზებაა.

 

სოფელში ცხოვრება მარტივი არ არის, ვინაიდან ერთდროულად რამდენიმე შრომატევადი საქმის შესრულება გვიწევს, მათ შორისაა ოჯახის საქმეები, საქონლის მოვლა და მიწის დამუშავება. ამასთან ერთად,  ხუთი შვილის დედა ვარ და ძალიან დიდი შრომა და ენერგია მჭირდება, რომ ვიზრუნო ოჯახის კეთილდღეობაზე. საბედნიეროდ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც რძის საწველი აპარატი და მაცივარი შევიძინე ყველისთვის. პროექტის დახმარებით შრომა ბევრად გამიმარტივდა და ახლა თავისუფლად შემიძლია გავაკეთო ყველა ის საქმე, რაც ჩემი ოჯახის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მაცივრის საშუალებით, წარმოებულ სულგუნებს ვინახავ და ჩემთვის მომგებიან დროს ვყიდი. იყო შემთხვევები, როცა სულგუნის გაყიდვა მინიმალურ ფასად მიწევდა, რომ არ გაფუჭებულიყო. ახლა რეალიზაციის პრობლემა აღარ მაქვს, დისტრიბუციის საშუალებით ჩემი სულგუნი თბილისის რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.

 

ზოგადად, ოჯახისა და თემის განვითარებაში ძალიან დიდი როლი აქვს ქალს. მაგალითად, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის დროს, ჩემი საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში, ძალიან განვვითარდი როგორც ეკონომიკურად, ასევე პიროვნულად. უამრავი სასარგებლო და საინტერესო ტრენინგი გავიარე. ადრე, საკმაოდ მორიდებული ვიყავი და საზოგადოებაში ჩემი აზრის გამოხატვის მრცხვენოდა, ახლა კი თავდაჯერებული ვარ და თამამად შემიძლია ჩემი შეხედულებების გაზიარება. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მოვუწოდებ ქალებს გააქტიურდნენ, მიიღონ ბევრ ასეთ პროექტებში მონაწილეობა და დაეხმარონ სხვებსაც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე და პროექტის მონაწილე დანარჩენმა ქალებმა დიდი მოტივაცია მივეცით სოფელში მცხოვრებ სხვა ქალებსაც. ახლა, მათაც გაუჩნდათ სურვილი გაძლიერდნენ და იყვნენ წარმატებულები.

 

მომავალში, კვლავ მინდა გავაფართოვო ჩემი ბიზნესი და რძის რეალიზაცია დავიწყო. ამისათვის, ცალკე სივრცე მაქვს, რომლის გარემონტება და შესაბამისად აღჭურვა მესაჭიროება. გარდა ამისა, მინდა გავხდე ლიცენზირებული ყველის მწარმოებელი და თუ, ბიზნესი წარმატებით განვითარდება, ექსპორტზეც გავიტანო ჩემი სულგუნი".

 

პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით" მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, რომელსაც ახორციელებენ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF), ფონდი ტასო (TF) და ქეა კავკასია (CARE).