კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები გვიყვებიან ისტორიებს - ლიკას ისტორია
31/01/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

14 წლის ლიკა შეროზია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მუჟავაში ცხოვრობს. ლიკა ბავშვობიდან მომღერლობაზე ოცნებობს. სურს, რომ პოპულარული გახდეს და ყველამ გაიცნოს. მომღერლობასთან ერთად, ნელ-ნელა პროფესიის არჩევაზეც ფიქრობს და უფრო ადვოკატობისკენ მიუწევს გული.

 

მუჟავა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას ესაზღვრება. ლიკასთვის, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდებისთვის სოფლად, მარტივი არ არის კონფლიქტით დაზარალებულ სოფელში ცხოვრება. ლიკას მთავარი წუხილი რესურსების ნაკლებობაა სოფელში. „არ გვაქვს გასართობი ადგილები: კინოთეატრი; პარკი, რომ საღამოობით გავისეირნოთ, გავერთოთ და ვისაუბროთ. სკოლის გარდა გვაქვს ერთი სტადიონი, მაგრამ მოტივაცია არ აქვთ ახალგაზრდებს, რომ გამოვიდნენ და ერთად ითამაშონ."

 

ახალი გამოცდილებების მისაღებად ლიკა „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის აქტიური მონაწილე გახდა. „სკოლაში მოვიდნენ და მოგვიყვნენ პროექტის შესახებ. ძალიან გამიხარდა, თითქოს ჩემი ცხოვრებაც გაფერადდა. მსგავსი პროექტი მუჟავაში ჯერ არ ჩატარებულა, ამიტომ ყველას იმედი მოგვეცა და მეტი მოტივაციაც გაგვიჩნდა. გავიგეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია, დავესწარით ტრენინგებს და განვვითარდით. აქამდე, ახალგაზრდები თავიანთ თავებში იყვნენ ჩაკეტილნი, ახლა კი თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი აზრის გამოხატვა, არ გვრცხვენია."

 

ლიკამ სწორედ პროექტის დახმარებით გადადგა პირველი ნაბიჯი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად: „შარშან ზაფხულში, ჩატარდა ძალიან საინტერესო ღონისძიება ჩვენს სოფელში, სადაც მთელი მოსახლეობა გაერთიანდა, უფროსები მხარს გვიჭერდნენ ახალგაზრდებს და საბოლოოდ, ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მეც მივიღე და ვიმღერე. ამან დიდი მოტივაცია მომცა და გამბედაობაც. ახლა კი, ზუგდიდში ტარდება მუსიკალი კონკურსი და მონაწილეობის მიღებას ვაპირებ. იმედია 16 მონაწილეს შორის მეც მოვხვდები."

 

პროექტის დახმარებით, ლიკა უკვე იმ ახალგაზრდული გუნდის აქტიური წევრია, რომელიც თავიანთი სოფლის განვითარებაზე ზრუნავს. მან მონაწილეობა მიიღო სამოქმედო გეგმების შედგენაში და თანატოლებთან ერთად ბევრი საინტერესო ინიციატივის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ახლაგაზრდების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

„ჩემს საოცნებო სოფელში მინდა იყოს თეატრები, პარკები, გასართობი ცენტრები, ღია კლუბები. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს გააქტიურებს, გვექნება მეტი ურთიერთობა ერთმანეთთან და ბევრად ფერადი იქნება ჩვენი სოფელი."

 

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.