კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები გვიყვებიან ისტორიებს - ლელას ისტორია
18/04/2022 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

ლელა ჯავახი, 20 წლის, მერეთის თემიდან

 

ლელა მერეთის თემში ცხოვრობს. მერეთი ადმინისტრაციული საზღვრიდან სულ მცირე მანძილითაა დაშორებული. ახალგაზრდულმა სამშვიდობო პროექტმა ლელასა და მისი თანატოლების ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოიტანა, რომელიც სურს სხვასაც გაუზიაროს.

 

„იმ დღეს ტრანსპორტიდან დავინახე პატარები სათამაშო თოფებით „ომობანას" თამაშობდნენ და მხიარულობდნენ. ამ დროს ჩავფიქრდი იმაზე, რომ მეც პატარა ვიყავი როცა 2008 წელს ომი დაიწყო და ამ ბავშვების მსგავსად, მეც ვერ ვიაზრებდი თუ რა არის რეალურ ცხოვრებაში ომი და რა შედეგები მოჰყვება მას.

 

რთულია, როდესაც კონფლიქტისპირა სოფელში ცხოვრობ. მუდამ შიშში და შფოთვებში ხარ. ომმა აქ მცხოვრებ ყველა ახალგაზრდაში დატოვა კვალი. ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები ნაკლებად აქტიურები და უიმედოები არიან. მართალია, სკოლაში მნიშვნელოვან განათლებას იღებენ, თუმცა ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის და ახალი უნარ-ჩვევებისთვის სიახლეები და ახალი შესაძლებლობებია საჭირო. ომის შემდეგ, ბევრმა ახალგაზრდამ და უფროსმა დატოვა სოფელი. ერთი უბანი თითქმის სრულიად დაცლილია.

 

როდესაც ახალგაზრდული პროექტის შესახებ გავიგე,  იმედი გამიჩნა რომ კარგი საქმეები გაკეთდებოდა ჩვენს თემში და ახალგაზრდებს მეტ მოტივაციას მისცემდა. ასეც მოხდა - პროექტში მონაწილეობამ სხვანაირად დაგვანახა მერეთის პრობლემები, უკეთ გავიაზრეთ ჩვენი, როგორც ახალგაზრდების როლი სოფლის განვითარებაში და ახლა ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ჩვენს სურვილებსა და მიზნებს მივაღწიოთ და სოფლის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

 

არაფორმალური განათლება ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ასეთი შესაძლებლობა არავინ უნდა გაუშვას ხელიდან. სამომავლოდ, ახალგაზრდული პროექტის საგრანტო კონკურსის ფარგლებში  საინტერესო იდეების განხორციელებას ვგეგმავთ. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ ცხოვრებას, ინფორმაციის მისაწოდებლად ყველაზე სწორი დრო ახლაა. ვფიქრობ, მშვიდობის მშენებლობაც ახალგაზრდების სწორად განვითარებიდან და აქტივიზმიდან იწყება"

 

 

პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით.