ალექსანდრას მშვიდი და ლაღი ცხოვრება ჰქონდა ხერსონში, უკრაინაში. 18 წლის გოგო, ყოველდღე იმედითა და ხალისით იღვიძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა, ყოველთვის ცდილობდა მეტი დრო გაეტარებინა მშობლებთან და თავის რვა მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად.
ალექსანდრა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღესაც მისი ოცნებები დროში გაიყინებოდა და მის სამყაროს იმედგაცრუება და შიში მოიცავდა.
„მარტის დასაწყისი იყო...გავიღვიძე და აღმოვაჩინე რომ ჩემი ქალაქი ოკუპირებულია. მაღაზიები, აფთიაქები, ყველაფერი დაიკეტა. ვინმე თუ ავად გახდებოდა სასწრაფო დახმარების გამოძახება არ შეიძლებოდა, არც პოლიციის. ძალიან მეშინოდა. არავინ იცოდა რა მოხდებოდა, რისი გაკეთება შეგვეძლო გადარჩენისთვის. შემდეგ, შეწყდა კავშირგაბმულობა და ინტერენტიც".
ქალაქი ნელ-ნელა იცლებოდა. ალექსანდრას ოჯახი სახლის დატოვებას არ აპირებდა, რაც კიდევ უფრო ართულებდა ალექსანდრას ემოციურ მდგომარებას. ახალგაზრდა გოგო რთული არჩევნის წინაშე დადგა. მას ოჯახის დატოვება არ უნდოდა, თუმცა ძალიან უჭირდა შიშში ცხოვრება და გადაწყვიტა ახლობლებს გაყოლოდა საქართველოსკენ.
„გზა ძალიან საშიში იყო. არ ვიცოდით საბოლოოდ სად აღმოვჩნდებოდით ან ცოცხლები მივაღწევდით თუ არა საქართველომდე. საბოლოოდ გაგვიმართლა და მშვიდობით ჩავედით. ეს იყო 10 ივლისი და მას შემდეგ აქ ვარ".
ალექსანდრა ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს, ოჯახის ახლობლებთან ერთად და ცდილობს ახალ ქვეყანაში, საზოგადოებაში თავის დამკვირდებას. მასთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ და თითქოს ესეც შვებაა ალექსანდრასთვის, ემოციურად მეტ სიახლოვეს გრძნობს თავის და-ძმასთან.
უსაფრთხოდ ყოფნის მიუხედავად, ალექსანდრას არასდროს ავიწყდება აფეთქებისა და სროლის ხმები, განწირული ქალებისა და ბავშვების კივილი... საქართველოში, პიროტექნიკის გასროლის დროს ოთახში იკეტებოდა და ცდილობდა არ ეფიქრა ხერსონში მომხდარ ამბებზე.
„საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა, მზრუნველი და კეთილი ხალხით. ასეთ დროს, ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და სოციალიზაცია. ქეას ჯადოსნური ყუთები საჭირო ჰიგიენური ნივთებითა და საკვები პროდუქტებით ვერც კი წარმოიდგენთ რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის".
„დაბნეული ვარ, არ ვიცი მომავალში რა იქნება, როგორ უნდა მოვიქცე. ამ ეტაპზე, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ენობრივი ბარიერი და უმუშევრობაა".
ალექსანდრასთვის აქ და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, ფინანსური დახმარებაა, რათა შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრება.
18 წლის ალექსანდრამ რთული და საშიში გზა გამოიარა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება ძლიერ, დამოუკიდებელ, მეოცნებე და მიზანდასახულ გოგოდ.
„მხარდაჭერა და სოლიდარობა ძალას და იმედს მაძლევს ვიბრძოლო ჩემი და ჩემი ოჯახის, უკრაინელი ხალხის მშიდობისა და უკეთესი მომავლისთვის."