ქალი მეწარმე - ია იმერლიშვილის ისტორია
23/01/2024 0 ნახვა

"მე ჩემს საქმეს დავარქვი აღმოჩენების საქმე, ნელ ნელა ვაკეთებ აღმოჩენებს და ყოველ დღე ვპოულობ სიახლეებს" - ია იმერლიშვილი 


"სამი შვილის დედა, სამოქალაქო აქტივისტი, მეწარმე", ასე აღწერს ია თავის თავს და საქმიანობას. იას ცხოვრება სავსეა სპონტანური აღმოჩენებით, საინტერესო თავგადასავლებით და მრავალფეროვანი ინიციატივებით.


იას, ბავშვობისა და ახალგაზრდობის დიდი წილი გატარებული აქვს თელავში თუმცა ის აღნიშნავს რომ, რთველში პირველად 2018 წელს მოხვდა, საკუთარ ვენახში. დღეს კი მისი საქმიანობის დიდი წილი ვენახს და ყურძენს უკავშირდება! ია განათლებით არის იურისტი და მისი საქმიანობა მეწარმეობამდე ძირითადად უკავშირდებოდა ახალგაზრდების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გავრცელებას. იმის მიუხედავად რომ დღეს-დღეობით ია არის მეწარმე, სამოქალაქო აქტივიზმი და განათლების გავრცელება რჩება მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილად, ეს მის სამეწარმეო საქმიანობაშიც აისახება. 

 
იას სამეწარმეო ისტორია იწყება საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩენით, 2018 წელს, როცა მისმა უფროსმა შვილმა ძველ მარანში თამაშისას მიწაში ჩამარხული ქვევრი იპოვა. ია იხსენებს რომ, პირველი ქვევრის აღმოჩენის შემდგომ შთაგონებულმა ოჯახმა მყისიერად გაწმინდა ძველი ავეჯით სავსე მარანი და მიწის ქვეშ დამატებით ცხრამეტი ქვევრი იპოვეს! "ამ აღმოჩენით დაიწყო ყველაფერი. მალევე მსხმოიარე ვენახი ვიყიდეთ, ვინ იქცევა ასე? პირდაპირ ვენახს ვინ ყიდულობს? შეგვეძლო უბრალოდ ყურძენი გვეყიდა, მაგრამ სანაცვლოდ მთელი ვენახი ვიყიდეთ. ჩვენ ასეთები ვართ!"- ღიმილით იხსენებს ია.  


ყოველგვარი გამოცდილების გარეშე იამ ოჯახის დახმარებით წამოიწყო საწარმო. 2018 წელს ვენახთან ერთად იამ და მისმა ოჯახმა გადაწყვიტეს, გურჯაანში ძველი სოფლის სახლის გარემონტება რომელიც დღეს წარმატებული საოჯახო სასტუმროა, ხოლო ახლად აღმოჩენილ ქვევრებში დაიწურა ღვინო სახელად "თავნება". 


იას სამეწარმეო სულისკვეთებამ თავი იჩინა როდესაც მან ქართულ და უცხოურ ბაზარს შესთავაზა ინოვაციური პროდუქტი, "ჩურჩხელა ბოქსი" (Churchkhela Box). ჩურჩხელა ბოქსი აუმჯობესებს და ამარტივებს ქართული ტრადიციული ტკბილეულის მომზადების პროცესს, როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყუთში ბადაგის წვენიდან დაწყებული ხის ჯოხით დამთავრებული ყველა ის საჭირო ნივთი და ინგრედიენტი დევს რაც ჩურჩხელის მომზადებისთვისაა საჭირო. ია ბიზნესს ძირითადად ოჯახის დახმარებით და ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობით ახორციელებს. 


ჩურჩხელა ბოქსის წარმატება იასთვის გახდა კიდევ რამდენიმე სამეწარმეო იდეის ინსპირაცია. იამ გააფართოვა თავისი პროდუქციის ხაზი და შექმნა გოზინაყი ბოქსი, რომელიც ჩურჩხელა ბოქსის პრინციპზეა დაფუძნებული. იამ გააცნობიერა საახალწლოდ გოზინაყის მომზადებასთან არსებული გამოწვევები და შეიმუშავა ყუთი დეტალური რეცეპტით, წინასწარ გაზომილი ინგრედიენტებითა და ინსტრუქციით, ხოლო ბონუსად ყუთს მოჰყვება ზღაპრის წიგნი რომელიც მოგვითხრობს გოზინაყის ისტორიას.


იას ერთგულება სოციალური თანასწორობისადმი ჩანს მის პროდუქტებში. ორივე ჩურჩხელა და გოზინაყი ბოქსი ადაპტირებულია ბრაილის შრიფტით მკითხველისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიურობას ყველასთვის. 
ია იმერლიშვილი ამჟამად არის პროექტ "მისი ძალა, მისი მომავლის" მიერ შექმნილ ქალ მეწარმეთა კლუბის წევრი! CARE Caucasus მხარს უჭერს იას პირად და სამეწარმეო მისწრაფებებს. ამიტომ, 2023 წლის დეკემბერში იამ მიიღო გრანტი CARE-ისგან, GITA-სთან პარტნიორობით. ამ ფინანსური დახმარებით და კლუბში მონაწილეობით ვიმედოვნებთ, რომ ია შეძლებს გააფართოოს თავისი მზარდი ბიზნესი და ახალი პროდუქტები შესთავაზოს როგორც ქართულ ასევე უცხოურ ბაზარს!