გაიცანით 17 წლის მარიამი, კოდის ახალგაზრდული კლუბის წევრი.
მარიამს პატარაობიდანვე ღრმა კავშირს ჰქონდა თავის სოფელთან, ბორბალოსთან. მას ძალიან უყვარს აქ მცხოვრები მოსახლეობაც, განსაკუთრებით ახალგაზრდები და სჯერა, რომ ბევრი შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, საოცარ ცვლილებებს მოიტანდნენ სოფლის განვითარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბორბალო პატარა და საყვარელი სოფელია, აქ ბევრი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც წლებია, უკვე მარიამის ფიქრებშია.
„დაბინძურების პრობლემა ძალიან მაწუხებს სოფელში. ასევე, აქ ნაკლებად აქტიურობენ ახალგაზრდები და სოფელიც თითქოს, მოწყენილია. არ გვაქვს სივრცე ახალგაზრდების სოციალიზაციისთვის."
მარიამს ძალიან უნდა, ხელი შეუწყოს სოფელში ახალგაზრდების გააქტიურებას და მისცეს მათ მოტივაცია, რომ უფრო მეტად ჩაერთონ სოფლის განვითარების პროცესებში. სწორედ ამ მიზნით, მარიამმა #YV4BF პროექტში მიიღო მონაწილეობა.
„რაც უფრო ვიზრდები, მით უფრო კარგად ვაცნობიერებ სოფელში არსებულ გამოწვევებს, ჩვენს ყოველდღიურ პრობლემებს. მჯერა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, შეგვიძლია გავხდეთ ის ძალა და გზა, რომლებიც თამამად დავუპირისპირდებით არსებულ გამოწვევებს და შევძლებთ ჩვენი სოფლის უკეთესობისკენ განვითარებას."
#YV4BF პროექტი განსაკუთრებულია, რადგან ახალგაზრდების ინტერესებზე და საჭიროებებზეა მორგებული. პროექტის ფარგლებში, ჩვენი კლუბი საინტერესო ღონისძიებებს და იდეებს განახორციელებს და ერთმანეთს დააკავშირებს ბევრ ახალგაზრდას. შედეგად, მჯერა რომ უკეთეს მომავალს შევქმნით."
თავისუფალ დროს, მარიამი ქსოვს და ქარგავს. საღამოობით, მეგობართან ერთად ლექსებს კითხულობს და სხვადასხვა ნაწარმოების განიხილავს.
ყველაფერთან ერთად, მარიამი კომპიუტერული მეცნიერებებით არის დაინტერსებული. მომავალში კი, საინტერესო და კრეატიული ვებ-გვერდების შექმნას გვპირდება.
პროექტი „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.