გაიცანით ნინი მოსეშვილი, 16 წლის, დაბა კაზრეთიდან.
10/03/2024 0 ნახვა

 

 

 

 

 

 

დაბა კაზრეთში საოცრად აქტიური და მოტივირებული ახალგაზრდები ცხოვრობენ. ისინი დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში და მოხალისეობრივ ღონისძიებებში, ეხმარებიან თავიანთ თანატოლებს განვითარებაში და უკეთესი მომავლის შექმნაში. თუმცა, 3 წლის წინ რომ ჩასულიყავით დაბაში, რადიკალურად განსხვავებული სურათი დაგხვდებოდათ. პანდემიამ სრულიად შეცვალა ახალგაზრდების ცხოვრება, ენერგია და სულისკვეთება. ისინი სახლებში ჩაიკეტნენ. დაავიწყდათ, რომ მათ დიდი ძალა აქვთ...რომ მათ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ უკეთესობისკენ.

 

ეს 16 წლის ნინი მოსეშვილის ისტორიაა. ნინიმ საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა. მორცხვი და ნაკლებად თავდაჯერებული გოგო, წლების შემდეგ გაძლიერდა, განვითარდა და ახალგაზრდა ლიდერი გახდა საკუთარ თემში.

 

„პანდემიამ სრულიად გამომკეტა სახლში, თითქოს მიმაჩვია უმოქმედობას. მაშინ 13 წლის ვიყავი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სრულიად შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. მობეზრებული მქონდა ონლაინ გაკვეთილები და მენატრებოდა სოციალიზაცია. სწორედ მაშინ, დაბა კაზრეთში ქეა კავკასიამ „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტი დაიწყო ადგილობრივი ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. იმ დროს, ძალიან მორცხვი და გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ, მაინც გადავწყვიტე ჩემი თავისთვის ეს შესაძლებლობა არ დამეკარგა და პროექტში გავწევრიანდი. სწორედ აქედან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რასაც ახლა ვაკეთებ, სამი წლის წინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ჩემი პირველი ბანაკი, ახალი მეგობრები, არაფორმალური განათლების კუთხით ცოდნა და გამოცდილება, ჯანსაღი აზროვნება და ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენა - ეს ყველაფერი ამ პროექტმა მომცა. ემოციებს რომ ვიხსენებ, ახლაც გული მიჩქარდება...თან ვნერვიულობდი, თან მიხაროდა...მაგრამ ყოველდღე ვაცნობიერებდი, რომ ვძლიერდებოდი."

 

„ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" პროექტის დახმარებით, ნინი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრი გახდა. ის, თავის თანატოლებთან ერთად, ცდილობს მიაწვდინოს ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდების ხმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

 

„ვხვდებით ჩვენს თანატოლებს სხვადასხვა სოფლებში, ვისმენთ მათ იდეებს, პრობლემებს და შემდეგ ვეხმარებით ამ იდეების განხორციელებასა და პრობლემების მოგვარებაში. არაფორმალური განათლების კუთხით, სკოლაც ძალიან დამეხმარა. გავწევრიანდი ეკოკლუბში, სამოქალაქო განათლების კლუბში და ა.შ. და ნელ-ნელა დამატებით გამოცდილებას ვიღებდი."

 

ბოლნისში მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა გამოწვევები აქვთ, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნება ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა და არაფორმალური განათლების კუთხით დაბალი ცნობიერება. ნინი, თავისი საქმიანობით, მუდამ ცდილობს დაეხმაროს თავის თანატოლებს და დაანახოს გზა, ნათელი და ინკლუზიური მომავლისკენ. ამასთან, ნინი საინიციატივო ჯგუფის „ბოლნისის ახალგაზრდული იდეის" წევრია, რომლის ფარგლებშიც, ხშირად ხვდება ბოლნისის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სთავაზობს საგრანტო კონკურსის შესაძლებლობებს და ეხმარება პროექტების წერაში.

 

„ვთვლი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. ძალიან ამაყი ვარ, როცა ჩემს ცოდნას ვუზიარებ სხვებს და წვლილი შემაქვს მათთვის უკეთესი მომავალის შექმნაში. ვცდილობ დავეხმარო ახალგაზრდებს, რომ იყვნენ გაბედულები და აღმოაჩინონ თავიანთი საოცარი შესაძლებლობები. მიხარია, რომ დღესდღეობით, აქტიური ახალგაზრდები არიან კაზრეთში. ეს იმედს მაძლევს, რომ ჩემს დაბაში ყოველთვის იქნება ახალგაზრდა, ვინც ჩემს გზას გააგრძელებს, იაქტიურებს და ხელს შეუწობს თემის განვითარებას."

 

„სამი წლის უკან, რომ დავბრუნდე და ჩემს თავს შევხვდე, ვეტყოდი რომ ის დრო და რესურსი, რომელსაც ჩემს საქმიანობაში ვდებ, ღირს. ვეტყოდი, რომ ყველა გამარჯვებას, იმედგაცრუებასა თუ მარცხს გამოცდილება მოაქვს და ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ დღეს, ახლა ასეთი ვარ. ნინი, არ შეუშინდე არაფერს და გადადგი ნაბიჯი!"


2021-2023 წლებში, ქეა კავკასიამ, ქეა ავსტრიასთან თანამშრომლობით ახორციელებდა პროექტს „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის," ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან „თანხმობასთან" ერთად. პროექტი აძლიერებდა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ეხმარებოდა მათ, მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტი მხარდაჭერილი იყო ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.